სამუშაო ჯგუფის ფორმატში მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პარლამენტთან, რომ შეცვალოს კანონი ახალი არჩევნებისთვის - ბაქრაძე

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები გრძელდება. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ელჩი დეგნანი უკვე შეხვდნენ „ლეიბორისტების“, „გირჩის“, „ევროპული საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლებს.

შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ დიალოგის შინაარსს ვერ გაავრცელებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათი პოზიცია გაყალბებულ არჩევნებსა და პარლამენტის ლეგიტიმაციის არცნობასთან დაკავშირებით უცვლელია.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ელჩებს სურთ, საქართველო გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან; მისი თქმით, „ბურთი არის „ქართული ოცნების“ მოედანზე“, რადგან ოპოზიცია პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას არ აპირებს.

„[ხელახალი თუ ვადამდელი არჩევნები ]ტერმინებში ნუ წავალთ… ხელახალი არჩევნების შესაძლებლობა ამ სისტემამ არ დატოვა. როგორც იცით, ყველა ჩვენს საჩივარზე იყო უარყოფითი პასუხი, ისე რომ არც განუხილავს არც ცესკოს და არც სასამართლოს… 30 დღეში ხელახალი არჩევნების ლეგალური შესაძლებლობა აღარ არსებობს, საუბარი არის ახალ არჩევნებზე გაზაფხულზე, რომელიც განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს და რომელიც ამ ქვეყანაში მოიტანს მთავრობას, რომელიც აქვს ხალხის მანდატი“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მან აქვე აღნიშნა, რომ ახალი არჩევნების დანიშვნას საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რის შესახებაც თანამშრომლობისთვის მზად არიან.

„ახალი არჩევნების დანიშვნას არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები. არსებობს მოქმედი კონსტიტუციური მექანიზმები და ძალიან ბევრ დემოკრატიაში პარლამენტი ხელოვნურად იწვევს, მაგალითად, მთავრობის ნდობის არგამოცხადებას ან ბიუჯეტის ჩაგდებას იმისთვის, რომ იყოს რიგგარეშე არჩევნები; ამიტომ საპარლამენტო რესპუბლიკის და სისტემის პირობებში საკონსტიტუციო ცვლილება რიგგარეშე არჩევნებს არ სჭირდება; საუბარია საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომ შეიცვალოს გარემო, მათ შორის, კომისიების დაკომპლექტებისა და არჩევნების ჩატარების წესი… როგორც პოლიტიკური ნაბიჯი და კომპრომისი ჩვენი მხრიდან, მზად ვართ ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ამ პარლამენტთან, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ერთადერთ უმრავლესობასთან, რომელიც პარლამენტშია… შესვლას არ ვაპირებთ, მზად ვართ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან, რომ შეცვალოს პარლამენტი“, – განაცხადა დავთ ბაქრაძემ.

სამუშაო ჯგუფის ფორმატზე ჰკითხეს ჟურნალისტებმა „გირჩის” ლიდერს ზურა ჯაფარიძეს, თუმცა მან განაცხადა, რომ მსგავს ტექნიკურ დეტალებზე ვერ ისაუბრებს და არ მისცემს ხელისუფლებას საბაბს, ჩაშალოს მოლაპარაკება.

„ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რაც იყო დეკლარციის ხელმოწერის დროს, პარლამენტი არ უნდა შედგეს. უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, უნდა გამოირიცხოს ძალაუფლების უზურპაცია, ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვა“, – განაცხადა აუდიენციიდან გამოსულმა შალვა ნათელაშვილმა, „ლეიბორისტების“ ლიდერმა.

ახალი არჩევნები არის შეთანხმების ერთადერთი საგანი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერისთვის, ირმა ინაშვილისთვის. ირმა ინაშვილი მოითხოვს, 8 მარტის შეთანხმების მსგავსად, შედგეს მემორანდუმი, რომელიც დაამოწმებს, რომ დაინიშნება ახალი არჩევნები. ამგვარი „მკაფიო შეთანხმების“ გარეშე მისი პარტია პარლამენტში არ შევა და, ინაშვილის განცხადებით, დაიწყებს ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას სურს შეთანხმება „ქართულ ოცნებასთან“; ეს შეთანხმება კი უნდა მოიცავდეს ახალ არჩევნებს, ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობასა და ცესკოს ადმინისტრაციაში, ასევე დგას პოლიტპატიმრების საკითხიც. ჯაფარიძის თქმით, ეს არის შეთანხმების პაკეტი და მოლაპარაკების საგანიც.

„ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომ გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან, სხვა შემთხვევაში ოპოზიცია პარლამენტში მონაწილეობას ვერ მიიღებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, საპარლამენტო ბარიერგადალახული დანარჩენი პარტიების ლიდერები და პარლამენტის მანდატის გარეშე დარჩენილი პარტიების წარმომამდგენლებიც შეხვდებიან.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაიმართება ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების III რაუნდი. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კონსენსუსის მისაღწევად მმართველი გუნდის წინადადებას ელოდებიან.

საერთაშორისო ფასილისტატორების ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების II რაუნდი 14 ნოემბერს გაიმართა, გასულ პარასკევს კი, 20 ნოემბერს, ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირისა და შტატების ელჩებს ინდივიდუალურად შეხვდნენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია არჩევნების გაყალბებასთან და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც, არსებული შედეგებით, არჩევნების I ტურში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, შეთანხმდნენ, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.

ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. მოითხოვენ, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს.

ამ მოთხოვნით ოპოზიცია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩის ფასილიტაციით, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის მაგიდასთან დაჯდა. შეთანხმების მისაღწევად, „ქართული ოცნების“ ერთადერთი პირობაა, ოპოზიციამ არჩევნების არსებული შედეგები აღიაროს.