ჩვენი მთავარი გზავნილია, ევროკავშირის გზაზე ჩვენი ქვეყნების დაწინაურება - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა, ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა. პრემიერის განცხადებას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

 „ჩემთვის დიდი პატივია, რომ კოლეგებთან, უკრაინის და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებთან ერთად ვიმყოფები ბრიუსელში. ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა ბატონ შარლ მიშელთან, ქალბატონ ფონ დერ ლაიენთან და ბატონ დევიდ მარია სასოლისთან. მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა, ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს. ამ კონტექსტში მოხდება უკვე მიღწეული შედეგების გააზრება და ევროკავშირის სტრუქტურებისა და ინსტიტუტების ლიდერებთან ერთად სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა მეტად სიღრმისეული დარგობრივი ინტეგრაციისთვის. საერთო ისტორიის გარდა, სამივე ქვეყანას გვაერთიანებს ევროპული მისწრაფებები და ჩვენი ერების მტკიცე არჩევანი, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


„ასოცირებული ტრიოს“, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პრემიერ-მინისტრები, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლის შეხვდნენ. ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოცუალურ ქსელ twitter-ში დაწერა, რომ „ასოცირებული ტრიოს“ პრემიერებს შეხვდა.

„შევხვდი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ​ებს, რათა განგვეხილა, როგორ გავაგრძელოთ რეფორმების ძალისხმევა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის წინ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.