„ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში" - ხაბეიშვილი

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის დამნაშავე და სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

ხაბეიშვილი მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მიმართავს და ღარიბაშვილის წინააღმდეგ კონკრეტული ღონისძიებების დაწყებისკენ და „ბორკილების დადებისკენ“ მოუწოდებს.

„გუშინ „ტვ პირველმა” გაასაჯაროვა კონკრეტული დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ეს ფრენები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და მისი [ღარიბაშვილის] ვოიაჟი დაახლოებით 200 000 ლარამდე დაუჯდებოდა ბიუჯეტს. ასევე ციხე-რესტორანში, სადაც მან მის მეუღლეს გადაუხადა დაბადების დღე, დაახლოებით 700 000 ლარი დაჯდებოდა. საუბარია ორ ღონისძიებაზე, მის დასვენებაზე და დაბადების დღეზე, რაშიც 900 000 ლარამდე დახარჯავდა ირაკლი ღარიბაშვილი.

ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად არის დასაჭერი. ამიტომ, პროკურორი რომ ჰქვია, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი თანაშემწე რომ გახლავთ, შოთაძეს ვგულისხმობ, უამრავი სისხლის სამართლის დანაშაული აქვს მას ჩადენილი ამ დრომდე და მინდა მას ვუთხრა, რომ თუ ახლა, ამ წუთებში კონკრეტულ ღონისძიებებს არ დაიწყებს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ და მას ბორკილებს არ დაადებს, ისიც ისეთივე თანამონაწილეა ამ დანაშაულების, რაც ჩამოვთვალე, რაც ვნახეთ, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი. ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, რომ ის უნდა იყოს დაკავებული”, – ამბობს ხაბეიშვილი.


„ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი შვებულების დროს პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. „TV პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად პრემიერ-მინისტრმა ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად უფროსი შვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავით გაფრინდა.

სიუჟეტში გასული ინფორმაციის მიხედვით, სამთავრობო რეისით წასული თვითმფრინავი 28 აგვისტომდე მიუნხენში დარჩა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა.

საქართველოს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად გერმანიაში მისმა კომპანიამ წაიყვანა და დამკვეთი სამთავრობო დაცვა იყო.