გაიაშვილი ადასტურებს, რომ ღარიბაშვილი ევროპაში სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანეს

პუბლიკა

ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ საქართველოს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად გერმანიაში მისმა კომპანიამ წაიყვანა და დამკვეთი სათავრობო დაცვა იყო.

„TV პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი შვებულების დროს პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. ტელეკომპანიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად უფროსი შვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავით გაფრინდა.

სიუჟეტში გასული ინფორმაციის მიხედვით, სამთავრობო რეისით წასული თვითმფრინავი 28 აგვისტომდე მიუნხენში დარჩა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა.

„თვითმფრინავია მათია … „ჯორჯიან ეარვეისი“ ემსახურება. პრემიერი არ მიკვეთავს, მიკვეთავს სამთავრობო დაცვა. მე ყოველთვის ჩუბინიძის უწყება მიკვეთავს.

კრიმინალს სად ხედავთ? პრემიერ-მინისტრია, თქვენ რომელიმე ქარხნის მუშა ხომ არ გგონიათ. ოფიციალურ ვიზიტებზე არ გამოიყენება თვითმფრინავი მარტო, ყველგან გამოიყენება, სადაც საჭიროდ ჩათვლის მთავრობა,“-  ამბობს ტელეკომპანიასთან „ჯორჯიან ეარვეიზის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.

ამავე ინტერვიუში თამაზ გაიაშვილი ადასტურებს, რომ სამთავრობო თვითმფრინავი მიუნხენში დარჩა და ირაკლი ღარიბაშვილი უკან წამოიყვანა.

დღეს სამთავრობო არხმა „იმედმა“ გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის განცხადება. ანზორ ჩუბინიძის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი იყო კომერციული და შესაბამისად თანხა საბიუჯეტო სახსრებიდან არ გადახდილა.

„ჩვენი თვითმფრინავი იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. ამ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან სხვადასხვა სახითა და ფორმით შემოსავლები.

ეს ვიზიტი იყო კომერციული ხასიათის, რომელიც თავიდანვე დავალებაში იყო მოცემული და, რა თქმა უნდა, ანაზღაურება მოხდებოდა არასაბიუჯეტო ორგანიზაციიდან ან კერძო პირის მიერ.

საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვალდებულია არამარტო პრემიერის, არამედ ყველა მისი დასაცავის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოახდინოს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ. ამის არ შესრულების რაიმე წინაპირობად ვერ განვიხილავთ ვიზიტის ხასიათს“, – ნათქვამია ანზორ ჩუბინიძის განცხადებაში.