ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას - დიპლომატები

პუბლიკა

ამერიკის საელჩო საქართველოში 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 8 მარტის შეთანხმება ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება იყო, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით ვერ განხორციელდა.

„ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა, ხელი შევუწყვეთ დისკუსიის პლატფორმის შექმნას, რომელიც ემსახურებოდა ნდობის შენებას და საშუალებას აძლევდა მონაწილეებს, წასულიყვნენ რთულ დათმობებზე. ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას“, – ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. საელჩოს თქმით, მიღწეული შეთანხმება ერთნაირად მოიწონა როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. მათი აღნიშვნით, შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რომლებიც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“, – ვკითხულობთ პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ამერიკის საელჩო საქართველოში ავრცელებს.


ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციის მტკიცებით, შეთანხმებას მეორე ნაწილიც აქვს, რომელიც საპატიმროებიდან პოლიტპატიმრების, მათ შორის, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას, გათავისუფლებას ითვალისწინებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპარლამენტო კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.