ჩვენი საჯარო აქტიურობის გამო, პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღეს - თანამშრომლები

პუბლიკა

პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლების განცხადებით, დირექტორმა დასაქმებულებს აცნობა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ცენტრის თანამშრომლებმა ნინო ლეჟავამ (პარლამენტის კვლევითი ცენტრის მკვლევარი) სალომე ნატროშვილმა (საერთაშორისო პრაქტიკის კვლევების განყოფილების ხელმძღვანელი) და მარიამ ჩაჩუამ (პარლამენტის კვლევითი ცენტრის ანალიტიკური კვლევების განყოფილების ხელმძღვანელი) განაცხადეს, ლიკვიდაციის გადაწყვეტილების მიზეზად განუმარტეს, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება ცენტრის ხუთი თანამშრომლის საჯარო აქტიურობას, რომელთაც ხელი მოაწერეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ პეტიციაზე, რომელიც შეეხებოდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დაყენებასთან აკავშირებდათ.

„დღეს, 2025 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ამავე დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს გვაცნობა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ. მისი განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ცენტრის ხუთი თანამშრომლის საჯარო აქტიურობას, რომელთაც ხელი მოაწერეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დაყენებასთან აკავშირებდათ და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობის დაგმობის შესახებ.

ჩვენ აღნიშნულ განცხადებაზე პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებიდან ხელმომწერი პირები მითითებულ ქმედებას ვაფასებთ, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული კეთილსინდისიერი თანამშრომლების მიმართ დაწყებული რეპრესიების მორიგ გამოვლინებას და საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქმედ თანამშრომლებში შიშის დანერგვის მცდელობას.

ჩვენ აღნიშნულს მივიჩნევთ სისტემის მხრიდან საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა მიმართ განსხვავებული მოსაზრებების და პოლიტიკური ნიშნით დევნისა და მარგინალიზაციის პროცესის დაწყების ღია აღიარებად.

პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ ჩვენ გამოვიყენებთ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში არსებული სამართლებრივი დაცვის ყველა მექანიზმს, და ვიბრძოლებთ საკუთარი და ჩვენი კოლეგების უფლებების დასაცავად . ჩვენ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის ერთგულნი , ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, და ჩვენს ხალხს“,- განუცხადა ჟურნლაისტებს ნინო ლეჟავამ.

სალომე ნატროშვილმა, მარიამ ჩაჩუამ და ნინი ლეჟავამ, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 20 იანვარს გამოქვეყნდა, ღიად ილაპარაკეს საჯარო სექტორის თანამშრომლების პეტიციის გავრცელებისა და მასზე ხელმოწერის შემდგომ სამსახურში შექმნილ სირთულეებსა და მტრულ გარემოზე; საჯარო მოხელეების პროტესტზე; ღიად გააკრიტიკეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები.

დღეს, კი „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებული ინფომრაციის თანახმად, მათი  რესპონდენტები ჰყვებიან, რომ ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები სხვა თანამშრომლებთან ერთად შეკრიბეს და პასუხი მოსთხოვეს მათ მიერ ნახსენებ „მტრულ გარემოსთან დაკავშირებით“.