საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე ევროკავშირის პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი X-ზე ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ზურა გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.
„ზურაბ ჯაფარიძის დაკავებიდან ერთი კვირის შემდეგ, კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს. პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს. ყველა, ვინც ფუნდამენტური უფლებების გამოყენების გამოა დაკავებული, უნდა გათავისუფლდეს“,- წერს ანუარ ელ ანუნი.
პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი” ზურაბ ჯაფარიძე 22 მაისს სასამართლო სხდომის დარბაზშივე დააპატიმრეს.
გუშინ, 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე მან გაიხსენა დაკავების დეტალები. მელიამ თქვა, რომ 29 მაისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდა და მიდიოდა ერთ-ერთ პოდკასტში მონაწილეობის მისაღებად, რა დროსაც მანქანა საპატრულო პოლიციამ გააჩერა. მელიამ თქვა, რომ ის „გაიტაცეს“, ძალის გამოყენებით ჩასვეს ფურგონში, სადაც 11 პირი იყო. ძალის გამოყენებით წაართვეს ტელეფონი, ასევე დაამტვრიეს მისი მანქანის ვიდეო კამერები.
საბოლოოდ, ირაკლი შვანგირაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.