ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ვერ გაგრძელდება, თუ „ოცნება“ უარს იტყვის პროცესში ჩართვაზე - „ლელო“

პუბლიკა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის  ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, პარტია მიიჩნევს, რომ მათი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.

„ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს: ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების პრინციპების დაუყოვნებლივ განსაზღვრა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება. ამის შემდეგ კი, სამოქმედო გეგმის დასახვა ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესასრულებლად და საგზაო რუკის შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ ერთმანეთზე პოლიტიკური თავდასხმის ნაცვლად, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან”, – ამბობენ „ლელოში“.

პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების უზრუნველყოფა სცდება ვიწრო პარტიულ ინტერესებს, წარმოადგენს ეროვნულ ამოცანას და მოითხოვს ყველა პოლიტიკური სუბიექტისგან საკუთარ დღის წესრიგზე მაღლა დგომას.

„თუ პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნება“ ამ ხედვას არ გაიზიარებს, იგნორირებას გაუკეთებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ხალხის მოთხოვნებს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოვლენების შემდგომ განვითარებაზე სრულად ეკისრება მმართველ გუნდს”, – ნათქვამია განცხადებაში.


24 ივნისს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.  შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს.

მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება. მანამდე კი ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა ეძლევა.