ჩვენი წინსვლა თავისუფლების იდეალის გარშემო ასეთ ერთსულოვნებას უნდა დაეფუძნოს - ღარიბაშვილი 9 აპრილზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„9 აპრილი განსაკუთრებული დღეა თითოეული ჩვენგანისათვის.

ამ დღეს თავისუფლების იდეით გაერთიანებულმა სრულიად საქართველომ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობის გადაწყვეტილება. საბჭოთა რეჟიმის სისასტიკემ მხოლოდ განამტკიცა ქართველი ხალხის ნება, გააძლიერა ჩვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ.

ზვიად გამსახურდია ამბობდა: „ყველაფერი შეიძლება წაართვა ერს, მაგრამ ვერავინ შესძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას“. სწორედ ეს შეგრძნება, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიას განსაზღვრავდა, ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა 1989 წლის 9 აპრილს.

დღეს ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს  იმ გმირების ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი სისხლის ფასად გაგვიკვალა გზა თავისუფლებისკენ. მადლიერებას გამოვხატავთ თითოეული მოქალაქისადმი, ვინც იმ გმირულ დღეებში ერთსულოვნებით, თავდადებითა და თანადგომით განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის ქვეყნების მომავალი.

ჩვენი შემდგომი წინსვლა უკეთესი საქართველოსკენ კვლავ  თავისუფლების იდეალის გარშემო ასეთ ერთსულოვნებას უნდა დაეფუძნოს”,-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის აირით მოიწამლა.

ტრაგიკული მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.