ახალციხეში მოქმედი ონლაინგამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ წერს, რომ დაუპირისპიდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გამოცემის ჟურნალისტს, როდესაც ის ახალციხის მერს ზაზა მელიქიძეს ფოტოებს უღებდა.
გამოცემის ინფორმაციით, დღეს ახალციხეში, რაბათში მდებარე ეკლესიაში „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ტექნიკა წაართვეს და ეკლესიის ეზოდან ძალის გამოყენების გამოაძევეს. ჟურნალისტი ეკლესიაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვის გადასაღებად მივიდა. მრევლთან ერთად ტაძარში ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძეც იმყოფებოდა, როგორც გამოცემა წერს, სწორედ მან გააპროტესტა პირველმა ფოტოების გადაღება.
„რა გინდათ, ვინ ხართ და რატომ დამდევთ, სურათებს რატომ მიღებთ, წაშალეთ სურათები“,– ამ სიტყვებით მიმართა ჟურნალისტს ზაზა მელიქიძემ.
გამოცემა წერს, რომ მერის შემდეგ, ეკლესიაში გადაღებული ფოტოს წაშლა მოითხოვა კიდევ ერთმა პირმა, რომელიც გოჩა ქურციკიძედ გაეცნო ჟურნალისტს.
„მან ჟურნალისტი ძალის გამოყენებით ეკლესიის ეზოდან გაიყვანა, ტელეფონი და დიქტოფონი წაართვა და „ტუალეტში ჩაგდებით“ დაემუქრა: „ჩემი სურათი წაშალე თორემ… ახლა ამას [ტელეფონს და დიქტოფონს] გადაგიგდებ… მე ვერ გადამიღებ გენაცვალე, მოგზავნილი ხარ?! წაშალე თორემ ტუალეტში ჩავაგდებ, ზაზამაც გთხოვა [გულისხმობს მერს]ნუ იღებ! არ მოგცემ ტელეფონს, მიდი, დაუძახე პოლიციას, მკითხე რომ მიღებდი?! წადი შენი.. საიდან ჩამოეთრიე?! შენ ხარ ეშმაკი, წამოეთრიე პოლიციაში, “- წერს გამოცემა.
„სამხრეთის კარიბჭეში“ ამბობენ, რომ ჟურნალისტი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ცდილობდა წართმეული ტექნიკის დაბრუნებას. ამ პროცესს კი თვალს ადევნებდა ახალციხის მერი ზაზა მელიქიძეც.