ვნახოთ, რამდენად უშველის ბოდიში – რიჟვაძე ხელვაჩაურის მერზე

პუბლიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ხელვაჩაურის მერთან დაკავშირებულ ინციდენტზე შეკითხვას უპასუხა.

ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდამანიძემ „ბათუმელების“ ჟურნალისტს აგინა. გამოცემამ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. ის მაშინაა ჩაწერილი, როდესაც ჟურნალისტი მერს წინასაარჩევნო შეხვედრებზე  სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით ინტერვიუსთვის დაუკავშირდა.

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მერს ერთმნიშვნელოვნად შეეშალა.

„ერთმნიშვნელოვნად შეეშალა აღნიშნული თანამდებობის პირს და ვნახოთ, რამდენად უშველის ბოდიში. ეს არის ჩემი პასუხი“, –  ამბობს თორნიკე რიჟვაძე.

გუშინ ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდამანიძემ „ტელეკომპანია პირველთან“ განაცხადა, რომ ის ნანობს ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა, ვინაიდან, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიცაა.