პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა „TV პირველის“ ეთერში პირად პრაქტიკაზე დაყრდნობით კორონავირუსის ახალი შტამის კლინიკური მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა.
რატიანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ ვლინდება ვირუსის ახალი შტამი ინფიცირებულ ორსულებსა და ახალგაზრდებში.
„ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, ორსულების შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტრიმესტრში იქნება, რა დატვირთული ანამნეზით იქნება, ჩემი პრაქტიკის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს ორსულებში კოვიდ ინფექცია. თუ მანამდე 20% შემთხვევაში სჭირდებოდათ ორსულ ქალებს ოქსიგენოთერაპია, დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი კლინიკის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ 95% საჭიროებს ჟანგბადის დახმარებას. ეს ძალიან ცუდია. ეს, სავარაუდოდ, დამახასიათებელია დელტა შტამისათვის, ვინაიდან მას ახასიათებს ვერაგული მიმდინარეობა, ეს გამოიხატება იმაში, რომ იგი მასიურად აზიანებს ფილტვის ქსოვილს, უჭირს ადამიანებს სუნთქვა. მეორე სიმპტომი ეს არის ცხელება. ჩვენი კლინიკის გამოცდილებით, აქამდე ცხელება იწყებოდა ინფიცირებიდან მეშვიდე-მერვე დღეს, ახლა უკვე ცხელება იწყება არა მეშვიდე-მერვე დღეს, არამედ მე-3; მე-4 ან მე-5 დღეს“, – განაცხადა რატიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ თუ აქამდე 60+ ასაკის ადამიანები იყვნენ რისკჯგუფში, ახლა ეს ზღვარი წაიშალა და ძალიან ბევრი ახალგაზრდა აპარატზე იღუპება.
„40 საწოლზე გვაქვს რეანიმაციული განყოფილება და მათი 80% 50 წლის ასაკს ქვემოთაა…
ჩვენი კლინიკის მაგალითზე, საერთოდ არ არის კორელაციური კავშირი ასაკს, დაავადებასა და დაავადების სიმძიმეს შორის. ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვყავს მართვით სუნთქვაზე, ამიტომ ყველას ვთხოვ, ჩვენც, ექიმებსაც გვაქვს განცდა, რომ დადგება მომენტი, როცა აუცილებლად შეიძლება დავინფიცირდეთ, ჩვენც გვაქვს ბიოლოგიური რესურსი, ჩვენც ადამიანები ვართ“, – განაცხადა რატიანმა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს დაავადების წინააღმდეგ სიფხიზლისკენ მოუწოდა.
„ამოწურვადი რესურსი გვაქვს ექიმებსაც, დავიღალეთ ექიმები, უნარი შეიძლება დავკარგოთ ცოტა ხანში, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რაც შეიძლება ფხიზლად იყვნენ ამ დაავადების წინააღმდეგ“, – განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, მძიმე ეპიდსიტუაციის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ პირადი ამბიციები ყველამ უკანა პლანზე გადაიტანოს.
„ჩვენ ომში ვართ ექიმები, პირველ პლანზე ვართ, სადაც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ვუყურებთ ერთმანეთს. ძალიან ძნელია, როცა ადამიანი კონტაქტით შემოდის, მერე გიმძიმდება, სუნთქვა უჭირს, გესმით?! მერე გადადის აპარატზე და გიკვდება. სამწუხაროდ, ეს მომენტები გვაქვს ძალიან ხშირად, ამიტომ ჩვენც გაგვიფრთხილდით, ჩვენც გვინდა, რომ ვიცოცხლოთ – ექიმებსაც, მედპერსონალსაც. მე მესმის ყველას ამბიციის, მაგრამ ეს ამბიცია ყველამ უნდა დაიოკოს უკვე. ყველამ უნდა გადაყლაპოს თავისი ამბიცია და ცივი წყალი დალიონ თავის ამბიციასთან ერთად“, – განაცხადა რატიანმა.
10 აგვისტოს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. გამოვლინდა ვირუსის 5697 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 54 ადამიანი.
აცრისათვის რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალზე: booking.moh.gov.ge