გიორგი გახარია: ხელისუფლება იძულებული გახდა ეძალადა საქართველოს მოქალაქეებზე

პუბლიკა

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ 27 მაისს, პარტიის ყრილობაზე თქვა, რომ ემზადებიან ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის. სიტყვით გამოსვლის დროს მან გააკრიტიკა „ოცნება“ და სხვა პარტიები, თუმცა თქვა, რომ კონკრეტულად არ დაასახელებდა მათ.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობაც, პირველ რიგში, მდგომარეობს საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არ ვმალავთ არაფერს და პირდაპირ საქართველოს თითოეული მოქალაქეს ვეუბნებით, რომ დიახ, ჩვენთვის ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი რადიკალური რევოლუციური სცენარი ამ ქვეყანაში გაახარებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრებს“, – თქვა გახარიამ.

ამავდროულად, გახარიამ თქვა, რომ „ოცნებამ“ ისეთი საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა, რომ ადამიანებს სამართლიანობის შეგრძნება აღარ აქვთ და მიიჩნევენ, რომ „მათ არჩევნები მოჰპარეს“.

„სანამ ამ ქვეყანაში არ იქნება შემდეგი, ახალი საპარლამენტო არჩევნები და სანამ თითოეული პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც დღეს უსამართლოდ იხდის სასჯელს და არის ციხეში, არ გათავისუფლდება, სამართლიანობის შეგრძნება ქვეყანაში ვერ დაბრუნდება. მაგრამ ამის მისაღწევად აუცილებელია რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის დაძლევა“, – თქვა გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკოსების ერთი ნაწილი მოსახლეობას არწმუნებს, რომ მარტო ისინი არიან ეროვნულები, მეორე ნაწილი კი -„გვარწმუნებს, რომ ისინი არიან ევროპელები და სხვა ვერავინ ვერ იქნება ევროპელი“.

„რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არც ერთია ნამდვილი ეროვნული და არც მეორე – ნამდვილი ევროპელი“, – თქვა გახარიამ.

გახარიამ აღნიშნა, რომ პარტიის კარი ღია იქნება ყველასთვის, ვინც დარწმუნებულია, რომ განსხვავებული აზრი დიდი ფასეულობაა და ვისაც „არ უნდა არცერთი ამ პოლუსის ორი რადიკალური ძალა განსაზღვრავდეს ქვეყნის მომავალს“.

მისი განცხადებითვე, „ოცნება“ იძულებული გახდა ეძალადა საქართველოს მოქალაქეებზე:

„დღეს, მაშინ როდესაც სამყარო იცვლება, მაშინ, როდესაც გეოპოლიტიკური თამაშის წესები იცვლება და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იმის მაგივრად, რომ გაამრავლოს ქვეყნის მეგობრები, ქვეყანა მოახდინოს იზოლაციაში და მარტო დავრჩეთ, მარტო დავრჩეთ იმ გამოწვევების წინაშე, რომლებიც სულ უფრო და უფრო გვეზრდება, რა თქმა უნდა, ასეთი ხელისუფლება ვერც იქნება ეფექტური და ვერც ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია მორალურად მშვიდობა დაჰპირდეს ადამიანებს. ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც, მაგალითად, ღირსების და სამართლიანობის დაპირებით მოიპოვა მხარდაჭერა და ამის შემდგომ იძულებული გახდა, მე იმას არ ვამბობ, რომ ეს უნდოდა და სიამოვნებდა, მაგრამ იძულებული გახდა ეძალადა საქართველოს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ქვეყანაში ისეთი რაოდენობის პოლიტიკური პატიმრები გაეჩინა, რომელიც ამ ქვეყანას არ ახსოვს. ეს ყველაფერი ჩვენ მიგვიყვანს კიდევ უფრო მეტ და დიდ გამოწვევებამდე“.

გახარიას აზრით, დღეს „ოცნებას“ სამწუხაროდ, იმდენი მხარდამჭერი ჰყავს, რამდენსაც არ იმსახურებს:

„ამაში თითოეული ჩვენგანის ბრალიც არის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ხალხს კარგად ვერ ავუხსენით, რომ ეს აღარ არის ის ძალა, რომელიც იბრძვის ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის. ეს არის ის ძალა, რომელიც არსებობს დღეს მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის, ძალადობისა და კორუფციის ხარჯზე. ეს არის ის ძალა და გახდა ის ძალა, რომელსაც მორალური და ფასეულობრივი საფუძვლები აღარ აქვს და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აკონტროლებს ხელისუფლებას, რომ ფიზიკურად უფრო ძლიერია“.