ჩვენს ოფისს გუდრონის მსგავსი ნივთიერება შეასხეს - „თბილისი პრაიდი“

პუბლიკა

„თბილისი პრაიდის“ განცხადებით, 7 ივნისს მათ ოფისს გუდრონის მსგავსი ნივთიერება შეასხეს. როგორც „პუბლიკას“ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორმა,  გიორგი თაბაგარმა უთხრა, საღებავი ლგბტ დროშაზეა შესხმული და, სავარაუდოდ, პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს პირი, რომელმაც ეს ჩაიდინა.

ბოლო რამდენიმე დღეა „თბილისი პრაიდის“ ოფისთან გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც ჰომოფობიურად განწყობილი ერთ-ერთი ჯგუფის ლიდერია, სხვა თანამოაზრეებთან ერთად აქციას მართავს. „თბილისი პრაიდში“ ვარაუდობენ, რომ, სავარაუდოდ, სწორედ მათ შეასხეს გუდრონი ოფისს.

„პუბლიკა“ გურამ ფალავანდიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, „თბილისი პრაიდთან“ მიმდინარე აქციებში, მისი ორგანიზაციის გარდა, სხვა ორგანიზაციებიც მონაწილეობს. ის წარმოადგენს „ბავშვთა უფლებების საზოგადოებას“. ფალავანდიშვილი ამბობს, რომ 7 ივნისს „თბილისი პრაიდის“ წინ გამართულ აქციაზე არ ყოფილა, თუმცა ლგბტ დროშის ჩამოხსნის მოთხოვნით აქციები „თბილისი პრაიდის“ ოფისთან გაგრძელდება.