ჩვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყნებია, ეს ესმის საქართველოს ხელისუფლებას - მედვედევი

პუბლიკა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დმიტრი მედვედევის თქმით, მას არც ადრე და არც ახლა ეჭვი არ ეპარებოდა, რომ საქართველოში რუსული არმიის შემოყვანა სწორი გადაწყვეტილება იყო.

ხოლო საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთისთვის დამოუკიდებელი, პარტნიორი სახელმწიფოებია, ამიტომ ბედს აღარ გამოცდის და მათ არ დაუპირისპირდება. ამის შესახებ მედვედევმა პროკრემლისტურ სააგენტოსთან „ტასსთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, როგორც უკრაინამ, ისე საქართველომ, რუსეთს „არჩევანი არ დაუტოვეს“ კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაწყვეტაზე უარის თქმის გამო.

„რუსი სამშიდობოების თქმით, ცხინვალსა და ამ რესპუბლიკის სხვა დასახლებებზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ამაზრზენად – საარტილერიო დარტყმებით საცხოვრებელ შენობებსა და სამოქალაქო ობიექტებზე, საავადმყოფოებსა და სკოლებზე.

ვაშინგტონის მიერ მართულმა მარიონეტულმა რეჟიმმა ასე გადაწყვიტა თავს მოეხვია სამხრეთ ოსეთისთვის „დემოკრატიისა“ და „ჰუმანიზმის“ თავისებური გაგება. მათ ძალისმიერი გზით, მთელი ერის განადგურების ფასად უნდოდათ მისი საქართველოსთვის დაბრუნება.

რა თქმა უნდა, ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა. ჩვენ არ შეგვეძლო უბრალოდ ცრემლი გადმოგვეგდო, თავი დაგვეხარა სისხლიანი დებილის წინაშე და ხალხი დასაგლეჯად მიგვეგდო.

ის, რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით, დადასტურდა მოვლენების მთელი შემდგომი განვითარებითაც. მათ შორის, აგრესიული დოქტრინების სამარცხვინო ჩავარდნით, რომლის განხორციელებასაც მათი საცოდავი ლიდერი ცდილობდა ასეთი აურზაურითა და ზეწოლით.

მალევე ის თავისივე ხალხმა უარყო. თუმცა უსაქმოდ დიდ ხანს არ მჯდარა და სიამოვნებით მიჰყიდა თავისი თავი უკრაინის „ნარინჯისფერ“ ფიგურებს. მათი რუსოფობიური პოლიტიკის ნაყოფს კი დღეს ვხედავთ“, – თქვა მედვედევმა.

მედვედევმა მიხეილ სააკაშვილს ასევე „შეშლილი ფრიკი“ და „მუყაოს სულელი“ უწოდა, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიაში კი დასავლეთი დაადანაშაულა.

მისი თქმით, ანგლო-საქსებმა გაუწიეს დახმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, გაწვრთნეს, აღჭურვეს და სწორედ, მათი ზეწოლითა და ცდუნებით წამოიწყო „ჭკუასუსტმა“ სააკაშვილმა ომი. ახლა კი აშშ და ევროკავშირი, რომელმაც მისი აზრით აშშ-ის წინაშე თავისი დამოუკიდებლობა საბოლოოდ დაკარგა, იმავეს უკრაინაში აკეთებენ.

მედვედევის თქმით, რუსეთი ყოველთვის მშვიდობიანი გადაწყვეტის მომხრე იყო, მაგრამ აშშ-ის წახალისებით, როგორც საქართველოს, ისე უკრაინას დაუსჯელობის სინდრომი გაუჩნდათ და დაიწყეს ხალხის ხოცვა. დასავლეთის მიზანი კი მისი აზრით, რუსეთის განადგურებაა, რასაც რუსეთი ყველა შესაძლო გზით შეეწინააღმდეგება.

NATO-ს გაფართოება მან კიბოს მეტასტაზებს შეადარა და გლობალურ პრობლემად მოიხსენია, რომელსაც ყველა შეგნებული ადამიანი გმობს.

ასევე, მედვედევის თქმით, ის ფიქრობს, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს ახალი აგრესიის წამოწყება“ აღარ შეუძლია.

„ჩვენთვის დღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობა დავამყარეთ და სადაც ჩვენი სამხედრო ბაზებია განთავსებული. ეს კარგად ესმის საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას. ისინი კიდევ ერთხელ აღარ გამოცდიან ბედს და არ ჩაერთვებიან ისეთ ძალასთან დაპირისპირებაში, როგორიც რუსეთია“, – განაცხადა დმიტრი მედვედევმა.