ჩვენთვის ძალიან უცხოა ბრალდება, რაც წაგვიყენეს. ამ რუკაზე ვამბობთ, არაა სრულყოფილი - ნატალია ილიჩოვა

პუბლიკა

ჩვენ ძალიან დიდი ხანია კომისიაში ვართ და არც ერთი ქმედება არ განგვიხორციელებია კანონის საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებულმა ნატალია ილიჩოვამ განაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ილიჩოვამ საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბრა. სასამართლო დარბაზიდან ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„თუკი, როგორც ამბობენ, ჩვენ გვაქვს ორასიათასიანი რუკა, ეს რუკა ჩვენ სულ გვქონდა, მაგრამ ეს არის 1936 წლის რუკა. ამ რუკის თანახმად ჩვენ გადავდივართ 1929 წელში, ამ დოკუმენტში კი საუბარია, რომ დავით გარეჯის ნაწილს ვკარგავთ და საზღვარი არის ჩიჩხიტურის კოშკზე. როდესაც ჩემთან ჩატარდა ჩხრეკა და ამოიღეს მასალები, გაუკვირდათ რატომ გვქონდა ამდენი მასალები, ამდენს ვსწავლობდი მასალებს და ამიტომ მქონდა. რომ არ მქონოდა, შეიძლება, არასათანადოდ შემესწავლა.

ჩვენთვის ძალიან უცხოა ბრალდება, რაც წაგვიყენეს. ეს რუკა არის ინტერნეტშიც. სწორედ ამ რუკაზე ვამბობთ, რომ ეს არაა სრულყოფილი, შეგიძლიათ შეადაროთ ძველი რუკა და ახალი, თანამედროვე რუკა და ნახავთ, რომ იქ, იმ დატანილ წერტილს ვერ ნახავთ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რუკები არ არის სრულყოფილი. ჩვენ გვაქვს კიდევ სრულყოფილი რუკები, ჩვენ ვხელმძღვანელობთ 1938 წლის დადგენილებით. ჩვენ გვაქვს უკეთესი რუკები, ის არის უფრო ზუსტი და უფრო უკეთესად არის დატანილი საზღვრები. რაც შეეხება იმას, რომ დაიკარგა, ეს ნამდვილად მე გავაკეთე, თუ ეს ვარაუდია?”, -განაცხადა ილიჩოვამ.

პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე კომისიის ორი წევრი – ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დღეს დააკავა. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.