არსად გაქცევას არ ვაპირებ, ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ - ივერი მელაშვილი

პუბლიკა

არსად გაქცევას არ ვაპირებ, არსად მიმალვას, ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია, – ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას სასამართლო დარბაზიდან სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„მთელი ცხოვრება საქართველოს ინტერესებით მიცხოვრია. რისი წაკითხვაც მოვასწარი, ეს არის დაკავების შესახებ განჩინება და ბრალის დადგენილება. პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ორივე დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები ერთია, მაგრამ შედგენილია და აწყობილია დილეტანტურ მიდგომაზე. თურმე საქართველომ რაღაც ტერიტორია დაკარგა… ეს ფაქტი საერთოდ არ მომხდარა.

რაც შეეხება ბერ კირიონს, ჰგონია რომ რაღაც იცის, სინამდვილეში იმასაც ვერ ხვდება, რომ იცის და სინამდვილე ის არის, რომ ბერმა კირიონზე და მის ბრალდებაზე მეტად, საქართველოს საქმეს აფუჭებთ ხალხნო! მეორე ქვეყანას აძლევთ იმის საშუალებას, რომ დაგადანაშაულონ მიწის მითვისებაში, მაშინ როცა პირიქით, სახეგამართულები ვიყავით… გაუნათლებელ, დილეტანტურ მიდგომაზე საუბარი 29 წლამდე მიიყვანს ყველაფერს, ეს გაფუჭდება. ეს არის სიბინძურე, რაც ხდება, უბინძურესი ბრალდებაა. ეს შეიძლება, შეიძლება პროკურორისთვის არაფერი იყოს, ისროლა ბრალდება და მოარტყა.

მე ვერც ციხე გამტეხს, კი ბატონო, ჩამსვით, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები! ჩემ უკან ოჯახია, დედა-მამაა, წინაპრებია და ის, რომ ქართველი ვარ.

არსად გაქცევას არ ვაპირებ, არსად მიმალვას, ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით, მე ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე კომისიის ორი წევრი – ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დღეს დააკავა. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.