აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის მოადგილის, ჯულიანა გალინა გლოსის შვილი რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საომრად წავიდა და დაიღუპა.
ინფორმაცია თავდაპირველად iStories-მა გაავრცელა.
გამოცემის თანახმად, 21 წლის მაიკლ გლოსს რუსული პასპორტის მიღება და გარემოსდაცვით პროექტებზე მუშაობა სურდა.
აშშ-ში გლოსი ატლანტიკის კოლეჯში თავისუფალ მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლისას ადამიანებისა და გარემოს ურთიერთქმედებას შეისწავლიდა. ის ასევე მონაწილეობდა აბორტის აკრძალვისა და გარემოს დაცვის დასაცავად გამართულ საპროტესტო აქციებში.
2021 წელს მაიკლ გლოსმა სწავლა მიატოვა და სამოგზაუროდ წავიდა. ის შეუერთდა აქტივისტი ჰიპების მოძრაობას „ცისარტყელას ოჯახს“, ცხოვრობდა ბანაკში ეკოაქტივისტებთან ერთად და მონაწილეობდა თურქეთში მიწისძვრის შემდეგ დასუფთავებაში.
გლოსის ნაცნობის თქმით, მან „ჰამზა“ დაირქვა, დაიწყო შეთქმულების ვიდეოების ყურება და საუბარი „მულტიპოლარულ სამყაროსა“ და „დასავლურ ჰეგემონიაზე“.
2023 წლის 13 აგვისტოს გლოსი რუსეთში ჩავიდა.
მას არ ჰქონდა ცხადი გეგმა – უბრალოდ ქვეყანაში მოგზაურობდა. სექტემბერში განაცხადა, რომ მისი ვიზა იწურებოდა. მალევე აღმოჩნდა მოსკოვში საკონტრაქტო სამსახურის გაწვევის პუნქტში, შემდეგ კი – ფრონტზე.
გლოსმა თავისი „ადნაკლასნიკის” პროფილზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც გადაღებულია რიაზანის 137-ე საჰაერო-სადესანტო პოლკში.
მაიკლმა მეგობარს უთხრა, რომ ჯარში რუსული პასპორტის მისაღებად, „ცხოვრებისეული მიზნის მისაღწევად“ წავიდა. როგორც ამბობდა, მისი ცხოვრებისეული მიზანი იყო „კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი წყლის სისუფთავისთვის სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა, გარემოს დაბინძურების, დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებებისა და სიკვდილიანობის აღმოფხვრა”.
მაიკლ გლოსის ოჯახის თქმით, ის 2024 წლის 4 აპრილს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
იმ დღეს პოლკი უკრაინაში დონეცკის რეგიონს უტევდა.