„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დიმიტრი ჩიქოვანი POSTV-ის ღირსებისა და პატივის შელახვის გამო სასამართლოში უჩივის. სარჩელი ჩიქოვანის უფლებადამცველებმა დღეს შეიტანეს. მოითხოვენ სასამართლომ POSTV-ს დააკისროს საჯაროდ ბოდიშის მოხდა; აღიარონ, რომ დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს და გადაიხადონ სიმბოლურად 1 ლარი.
„მიმდინარე წლის მარტში POSTV-მ წამოიწყო ცილისმწამებლური კამპანია დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ. თითქოს ჩიქოვანს გატაცებული ჰყავდა ადამიანი და ძალადობდა მასზე. დღეს უკვე დადასტურებულია, რომ ეს იყო სრული სიცრუე, თუმცა POSTV და ნათია ბერიძე კვლავ აგრძელებენ ამ ხაზს, ცილისმწამებლურს. თითქოს მათ წყარომ მიაწოდა ეს ინფორმაცია. ამ ყველაფერმა შელახა დიმიტრი ჩიქოვანის პატივი და ღირსება და მისი საქმიანი რეპუტაცია.
მოგეხსენებათ, ის მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი საკვანძო მდივანია. შესაბამისად, როდესაც ისმის საჯაროდ ბრალდებები, რომ მას ჰყავს ადამიანი გატაცებული და მასზე ძალადობს, ეს მის რეპუტაციას არსებითად აზიანებს. ჩვენ შეგვაქვს სასამართლოში სარჩელი პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე. მოვითხოვთ, ტელეკომპანია POSTV-მ უარყოს მისი ეთერითვე, რომ გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, ამავდროულად, მოიხადონ საჯაროდ ბოდიში და სიმბოლური თანხა ნათია ბერიძეს და POSTV-ს დაეკისროს“, – ამბობს ბექა ბასილაია.
ბექა ბასილაიას არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ჩიქოვანის სარჩელს დააკმაყოფილებს. მისი თქმით, „სასამართლო ექვემდებარება „ქართულ ოცნებას“ , POSTV კი წარმოადგენს სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიას. შესაბამისად, მაქსიმალურად ეცდებიან სასამართლო გაწელონ და არ მოუწიონ ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილება“.
პროპაგანდისტული არხი POSTV მარტში ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, თათია სამხარაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებდა.
24 მარტს POSTV-ის ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ 112-ში დარეკა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში იმყოფებოდა თათია სამხარაძე, რომელსაც თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი. ჩიქოვანი და მისი მხარე ამბობდა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა.
თავის მხრივ, თათია სამხარაძემ ამავე საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება შეიტანა პროპაგანდისტული არხის POSTV-ის ერთ-ერთი მფლობელის, შალვა რამიშვილისა და ამავე არხის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის წინააღმდეგ.
თათია სამხარაძე იურისტებთან ერთად მოითხოვს გამოძიების დაწყებას შალვა რამიშვილისა და ნათია ბერიძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით, რაც ადევნებას გულისხმობს.
თათია სამხარაძე პირველია, ვინც პროპაგანდისტული POSTV-ის მფლობელი და წამყვანი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. შალვა რამიშვილს 2018 წელს სექსუალურ შევიწროების საქმეზე თათია სამხარაძემ საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო, რომელიც შემდგომმა ინსტანციამაც ძალაში დატოვა. შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.