დიმიტრი ჩიქოვანი ცრუ დასმენასთან დაკავშირებით POSTV-ის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

პუბლიკა

დიმიტრი ჩიქოვანი Postv-ის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მიმართავს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ტელეკომპანიის წინააღმდეგ ცრუ დასმენასთან დაკავშირებით შეიტანს სარჩელს.

„გავიარე კონსულტაციები ჩემს ადვოკატებთან და შევიტანთ სარჩელს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში Postv-ის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი ადვოკატის, ბექა ბასილაიას განმარტებით, შესაბამის რეაგირებას მოითხოვენ უწყებებისგან.

„თითქოს მან ადამიანი გაიტაცა და შემდეგ ძალადობდა. ეს ცილისწამება არ შემოიფარგლა ეთერში მსგავსი განცხადებით, ამ ცილისწამებას მოჰყვა პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინება, როდესაც მათ მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოსდა დიმა ჩიქოვანმა ჩაიდინა ეს უმძიმესი დანაშაულები. ადგილზე მოვიდა პოლიციის არაერთი ეკიპაჟი და მთელი ღამის მანძილზე, გამთენიამდე, პოლიციელები აწარმოებდნენ საპროცესო საგამოძიებო მოქმედებებს დიმა ჩიქოვანის ოჯახში, რითაც არსებითად დაირღვა დიმა ჩიქოვანის უფლებები და ვითხოვთ ცრუ დასმენასთან დაკავშირებით შსს-სა და პროკურატურის რეაგირებას“, – განაცხადა მან.

ადვოკატმა ასევე ისაუბრა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე.

„ვემიჯნებით და ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ნებისმიერ საქმეს, თუმცა ფაქტები, რის ირგვლივაც გამოძიება დაიწყო, არ შეიცავს მსგავსი დანაშაულის ნიშნებს. გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ. ეს იყო ბინაში უკანონოდ შეჭრის მცდელობის აღკვეთა“, – განაცხადა ბასილაიამ.


პროპაგანდისტული არხი POSTV რამდენიმე დღეა, ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, თათია სამხარაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებს.

24 მარტს POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ 112-ში დარეკა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში იმყოფებოდა თათია სამხარაძე, რომელსაც თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი. ამის შემდეგ ჩიქოვანის სახლში პოლიცია მივიდა.

საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ შსს-ს თანამშრომლებმა მედიის შეკითხვებს, იყო თუ არა სამხარაძე ბინაში და აღკვეთილი ჰქონდა თუ არა მას თავისუფლება, არ უპასუხეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ ეს იყო ცრუ დასმენა.

თათია სამხარაძე პირველია, ვინც პროპაგანდისტული POSTV-ის მფლობელი და წამყვანი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. შალვა რამიშვილს 2018 წელს სექსუალურ შევიწროების საქმეზე თათია სამხარაძემ საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო, რომელიც შემდგომმა ინსტანციამაც ძალაში დატოვა. შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში არაერთმა ქალმა ამხილა. 25 მარტს, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტს ასახავს.