„დაუჯერებელია, 7-8 წელი ადამიანი ჩუმად იყოს და ამ ფაშისტურ კამპანიას დაამთხვიოს" | რა თქვეს „ოცნებაში" რამიშვილის მხილებაზე

პუბლიკა

პროპაგანდისტული ტელეკომპანია POS TV-ის თანამფლობელსა და წამყვანს შალვა რამიშვილს რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. გუშინ, „ტაბულას” ყოფილმა ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ facebook-სტატუსით საჯარო გახადა მისი შევიწროების ამბავი. დღეს კი ჯაბუას მსგავსად კიდევ რამდენიმე ქალმა გაამხილა რამიშვილთან მსგავსი გამოცდილების შესახებ.

POS TV-ის გავრცელებულ ისტორიებს ცილისმწამებლური და მადისკრედიტირებელი კამპანიის ნაწილად განიხილავს და ფეიკს უწოდებს.

საკითხს დღეს უკვე მოჰყვა გამოხმაურება დეპუტატების მხრიდან. „ქართული ოცნების” წევრები მსგავსი ტიპის დანაშაულს ზოგადად გმობენ და მოუწოდებენ სხვებს, რომ დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია. რაც შეეხება „ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ მისთვის არაა დამაჯერებელი ჯაბუას ისტორია, ვინაიდან ის 7 წლის წინანადელია.

მამუკა მდინარაძე: „წეღან ვკითხულობდი გამოსვლამდე რაღაც ნიუსს… ეს იყო ბოლშევიკების მიდგომა, რაღაცაში ადანაშაულებ, 7 წლის წინ რაღაც მოხდაო, „ნაცმოძრაობის” ერთი ტელეკომპანიის თუ მედიაგამოცემის ჟურნალისტი, POSTV-ის ერთ-ერთ წამყვანს ადანაშაულებს რაღაცაში. ბოლშევიკები აკეთებდნენ ბოლოს ამას. თავის კოლეგებს უპირისპირებდნენ ერთმანეთს და ე.წ დანოსებს აწერინებდნენ. 7 წელი რაღაც მომხდარა თურმე და არ გახსენებია და ახლა გაახსენდა. […] „როგორ არ გჯერა” ფაშისტური მიდგომაა, პირდაპირ გეუბნებით. ჩემთვის არ არის დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ფაშისტური კამპანიის ფონზე. ასეთი დამთხვევების მე არ მჯერა. როდესაც 7 წლის შემდეგ რაღაც ახსენდება ადამიანს, მე უფრო მგონია და ეს ჩემი აზრია, რომ ეს დიდი ალბათობით არის ამ ფაშისტური კამპანიის ნაწილი”, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს გამართულ სხდომაზე სესიაზე განსახილველი საკითხი – „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია” იყო, რომელიც გენდერული საბჭოს ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა წარადგინა.

სწორედ აღნიშნულ პროექტზე მსჯელობისას, „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტ მაკო ჯაბუას განცხადებას გამოეხმაურა და „ქართული ოცნების” ლიდერები ძალადობაში მხილებულ პირთან თანამშრომლობისთვის გააკრიტიკა.

ანა ნაცვლიშვილი: „რაც შეეხება თქვენს კომენტარს, გაუსამართლებლად ასამართლებთ ყველასო. არ ხართ როგორც ჩანს საქმის კურსში. ამ კონკრეტულ ადამიანის წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილებაა გამოტანილი და დადასტურებულია, რომ ის თავის თანამშრომელს სექსუალურად ავიწროებდა. და თქვენ რას აკეთებთ ამ დროს? მასთან ტელევიზიაში ზიხართ, ერთი, ორი, სამი, ოთხი ლიდერი. და ამ კაცთან თანამშრომლობთ. და მისი პროპაგანდა არის თქვენი პროპაგანდისტული ხაზის მთავარი საყრდენი… თქვენ კი ხართ ძალადობაში მხილებული ადამიანის თანამოაზრე, მასთან თანამშრომლობთ და ის არის თქვენი პარტიის პროპაგანდისტული სახე დღეს”.

მან სოლიდარობა გამოუცხადა შევიწროების მსხვერპლებს და უთხრა, რომ „ამ საზოგადოებაში მათთვის განსაკუთრებით რთულია ხმის ამოღება… საჯაროდ ამ ტრიბუნიდან მათ მინდა გამოვუხატო მხარდაჭერა და ვუთხრა, რომ მათ ზუსტად იმდენი დროის გამოყენების უფლება აქვთ, რამდენიც დასჭირდებათ, რომ ძალა მოიკრიბონ და ისაუბრონ ძალადობაზე…”.

მდინარაძე: „მგონი, მართლა ფაშისტები ხართ! დაუჯერებელია ჩემთვის 7-8 წლის განმავლობაში რაღაც ხდებოდეს, 7-8 წლის განმავლობაში ადამიანი გაჩუმებული იყოს და შემდეგ ამ ფაშისტურ კამპანიას რაღაც დაემთხვას. თქვენ წინასწარ ასამართლებთ ყველას – ასე აკეთებდნენ „ბოლშევიკები“, როცა ხალხს სასამართლოს და განაჩენის გარეშე ასამართლებდნენ. იგივეს აკეთებთ თქვენც! – მოგვეცით უფლება რაღაც სუბიექტურად დავიჯეროთ და რაღაც არ დავიჯეროთ“, – განაცხადა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მიხეილ სარჯველაძე: „ქალბატონი ანა (ნაცვლიშვილი) ბოლო ხანებია ჩვენი დროის ციციკორედ ჩამოყალიბდა – რაღაც თავის პიედესტალს დადგამს, შემდეგ დადგება და უაპელაციოდ ყველას ლანძღავს – არ ვიცი, ეს რა ფასონი და რა სინდრომია…

…არამც და არამც სწორი არ არის რაღაც არჩეული სტერეოტიპებით ვიმსჯელოთ, ერთი მიმართულებით ვიღაცის უფლება დავიცვათ და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ღირებულებები, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია საერთოდ უგულებელყოთ“.

ნინო წილოსანი ანა ნაცვლიშვილის კრიტიკას ძალადობაში მხილებულთან თანამშრომლობაში ასე პასუხობს:

„…რაც შეეხება კონკრეტულ პირთან დაკავშირებით, რომელზეც ამბობთ, რომ თუნდაც მის ეთერში რომელიმე ჩვენი კოლეგა ზის, ეს ნიშნავს რომ თქვენ ზოგადად ყოფილი პატიმრების ან მსჯავრდებულების რესოციალიზაციის წინააღმდეგი ხართ. ამით შეურაცხყოფას აყენებთ ყველა ადამიანს აბსოლუტურად, რომელსაც ოდნავ მაინც კი სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღია და შემდეგ თურმე ეს ადამიანები უნდა მოგლიჯო საზოგადოებას და თურმე ეს ადამიანები ფაშისტურად უნდა გარიყოთ სოციუმიდან, რომელსაც არ ვეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ ვეთანხმები, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ქალზე ძალადობს, უნდა იყოს დასჯილი”.

მოგვიანებით კი ნინო წილოსანი საკითხს facebook-ზეც გამოეხმაურა:

„ყველანი უნდა ვათვითცნობიერებდეთ, რომ ამგვარი დანაშაული ძალიან მძიმეა, ხოლო ერთი ხელის მოსმით დასკვნების კეთება ან დაბრალება, არანაკლებ მძიმეა

რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, მაგრამ კანონით და არა „მორალის პოლიციის” ხელით, რომელსაც ხშირ შემთხვევაში მანიპულაციურად და ბოროტად იყენებენ

და ბოლოს, სამწუხაროდ, აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობენ ის ადამიანები, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში საერთოდ დაივიწყეს ადამიანის უფლებები, მათ შორის ქალების, უფრო მეტიც, ბავშვების უფლებები და ყველაზე ბოროტი ბულინგის კამპანიაში იყვნენ ჩართულები”, – წერს წილოსანი facebook-ზე.