ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემა CIPS განიხილება, როგორც გადახდების დამატებითი საშუალება და არა როგორც SWIFT-ის ჩამნაცვლებელი.
CIPS-ის პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტი, ნათია თურნავა გუშინ, 17 ივლისს შეხვდა. ვიზიტი მიმდინარე წლის მარტში ჩინეთის სახალხო ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განსაზღვრული საკითხების განსახილველად შედგა.
ამასთან დაკავშირებით რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ჩინური დელეგაციის მიერ ეროვნულ ბანკში მოლაპარაკებების გამართვა SWIFT-დან გათიშვის „რეალურ რისკებზე მიუთითებს”.
სებ-მა საპასუხოდ თქვა, რომ ეს და ყველა მსგავსი განცხადება სპეკულაციურია.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ იგი არ წარმოადგენს SWIFT-ის ალტერნატივას. 2025 წლის ივნისის მონაცემებით, CIPS-ის ქსელში ჩართულია 189 ქვეყნის 4 900-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი. მათ შორის, ევროპის – 261, ჩრდილოეთ ამერიკის – 34, სამხრეთ ამერიკის – 34, ავსტრალია/ოკეანეთის – 22 საბანკო დაწესებულება, რომელთა უმრავლესობაც ერთდროულად სარგებლობს SWIFT-ით და CIPS-ით ისევე როგორც შესაძლოა სხვა რეგიონალური საგადახდო სისტემებით.
CIPS ძირითადად ჩინური იუანით გადარიცხვებზეა ორიენტირებული, ხოლო SWIFT მრავალ ვალუტას მოიცავს. შესაბამისად, CIPS-ს განვიხილავთ მხოლოდ როგორც გადახდების დამატებით საშუალებას, რეგიონალური დივერსიფიკაციის მექანიზმს და არა – SWIFT-ის ჩამნაცვლებელ სისტემას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც უკავშირდება SWIFT-ის რომელიმე სისტემით, მათ შორის CIPS-ით ჩანაცვლებას, სრული დეზინფორმაციაა”. – აცხადებს ეროვნული ბანკი.
სებ ასევე ამბოობს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის SWIFT-თან ურთიერთობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობს SWIFT-ის ახალი ფორმატის – ISO 20022 დანერგვას ქართულ საბანკო სისტემაში, ხელმძღვანელობს SWIFT-ის ეროვნული ჯგუფს საქართველოში და აქტიურად მონაწილეობს SWIFT-ის ახალი პროდუქტებისა და ფუნქციონალობის საპილოტე პროგრამებში. ეს პარტნიორობა ათწლეულებს მოიაცავს და მომავალშიც უცვლელად გაგრძელდება, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის მაღალი ხარისხის ინტეგრირებულობას გლობალურ საფინანსო ინფრასტრუქტურასთან”. – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
CIPS ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემაა.
ის, ისევე, როგორც ბელგიაში დაფუძნებული SWIFT, CIPS-იც ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემაა.
თუმცა 1973 წელს ბელგიაში დაფუძნებული SWIFT გამოიყენება გლობალურად და მხარს უჭერს მრავალ ვალუტას, ხოლო CIPS განსაკუთრებით ორიენტირებულია ჩინურ ვალუტა იუანზე.
SWIFT-ს მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო იყენებს და მისი საშუალებით ყოველდღიურად 40 მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება.
2015 წელს ჩინეთის მიერ შექმნილი CIPS შეიძლება ჩაითვალოს SWIFT-ის ნაწილობრივ ალტერნატივად იმ ქვეყნებისა და ბანკებისთვის, რომლებიც იუანით ვაჭრობენ ან სურთ, რომ შეამცირონ დამოკიდებულება დასავლურ ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე.
ბოლო წლებში, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე (მაგალითად, რუსეთის ან ირანის წინააღმდეგ SWIFT-დან გათიშვის შემდეგ), CIPS-მა მეტი მნიშვნელობა შეიძინა, თუმცა ვერ მიიჩნევა SWIFT-ის მნიშვნელოვან შემცვლელად.
2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროკავშირმა ჯერ 10 უმსხვილესი რუსული ბანკი გათიშა SWIFT-იდან, 2025 წელს კი გეგმავს, მასზე წვდომა კიდევ 20 რუსულ ბანკს შეუზღუდოს.
2025 წლის 9 ივლისს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციით ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, „ქართული ოცნების” პოლიტიკური ლიდერების და რეჟიმის ხელისშემწყობი სხვა პირების სანქცირებასთან ერთად, „განიხილოს SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები, რომლებიც მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტას”.