ცისარტყელას დროშა საკურთხეველზე - მშვიდობის კათედრალი 17 მაისს აღნიშნავს

პუბლიკა

17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში საკურთხეველს ცისარტყელას დროშა გადააფარეს.

„დღეს მშვიდობის კათედრალი, მის მეგობრებთან ერთად, თუ ამ ტაძარში, თუ ამ ტაძრის მიღმა, აღვნიშნავთ ორ მნიშვნელოვან დღესასწაულს: ერთი არის აივ შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე, მეორე არის ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე“, – განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა მსახურების დაწყებისას.

მან აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან 2013 წელს მოწმეები გავხდით „გაუმართლებელი რელიგიური შუღლისა და სიძულვილისა, რომელიც გამოიჩინეს განსხვავებული ადამიანების, უმცირესობის მიმართ”.

„17 მაისი რა დღესასწაულადაც არ უნდა გადავაკეთოთ, ჩვენს გონებაში, ჩვენს ყურებში ჟღერს, როგორც 17 მაისი – დღე, როდესაც ადამიანები, წესით, უნდა ებრძოდნენ სიძულვილს და, როგორც წესი, ეს არის დღე, როდესაც ყველაზე მეტად ავლენენ ადამიანები სიძულვილს. მეორე დღე, რომელიც, როგორც წესი, აღინიშნება მაისის მე-3 კვირა დღეს, ეს არის დღე შიდსის მსხვერპლთა დღე.

ეს ის თემებია, რომლებზეც ადამიანები ამბობენ, რა უნდა ამ თემაზე ლაპარაკს ტაძარში? რატომ უნდა იყოს საკურთხეველზე გადაფარებული ცისარტყელის ფერებიანი დროშა? რატომ უნდა ეხვიოს ღვთისმსახურს ამფერებიანი სტო? რა კავშირი აქვს ქრისტიანობას, ღვთისმსახურებას, ტაძარს ისეთ თემებთან, როგორიცაა სექსუალური უმცირესობები? დაავადებებთან, რომლებიც, როგორც წესი, ასოცირდება სექსუალურ უმცირესობებთან“, – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ და წაიკითხა საკითხავი, რომელშიც, მისი თქმით, კარგად ჩანს, რა მისიით მოვიდა მაცხოვარი დედამიწაზე.

რუსუდან გოცირიძის თქმით, ღვთისმსახურები და ადამიანები უნდა ემსახურებოდენ გლახაკთა ხარებას, გულგატეხილთა განკურნებას, ტყვეთა განთავისუფლებას, ბრმათათვის თვალის ახელას, თავისუფლებისა და სიხარულის გამოცხადებას.

International Day Against Homophobia and Transphobia, Peace Cathedral, May 17, 2020

17 მაისი არის ჰომოფობიასთან ბრძლის დღე!

Posted by Evangelical-Baptist Church of Georgia on კვირა, 17 მაისი, 2020