ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ისევ მოითხოვს ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს აღებას 

პუბლიკა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ისევ მოითხოვს ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს აღებას.

გუშინ, 22 დეკემბერს ერგნეთში  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 129-ე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, ერგნეთის შეხვედრაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა თქვა, რომ ჩორჩანა-წნელისთან ქართული საგუშაგოს მოხსნის საკითხი მათთვის მთავარ საკითხად რჩება.

რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო „რეს-ის“ ცნობით, კოჩიევის განცხადებით, ეს საკითხი – ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის – ყველა შეხვედრაზე წამოიჭრება.

„ასეთი საკითხების გადაწყვეტა ერთი შეხვედრის ან ერთი მოთხოვნის ფარგლებში შეუძლებელია. თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და უკვე შეინიშნება გარკვეული დადებითი მოვლენები“, – თქვა კოჩიევმა.

მან ასევე დადებით მოვლენად დაასახელა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას სისხლისსამართლებრივი დევნა ჩორჩანის საგუშაგოს აგების გამო.

„ჩვენთვის ალტერნატივა არ არსებობს, გარდა ამ პოსტის სრული დემონტაჟისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან მისი გატანისა“, – თქვა კოჩიევმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯა.

უწყების ცნობით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მთავარი აქცენტი უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების საკითხზე გააკეთეს და ყველა მათგანის გათავისუფლება მოითხოვეს.

სუსის განცხადებით, განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს ასევე წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები. გაიმართა დისკუსია ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე გადაადგილების რეჟიმთან დაკავშირებით.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2026 წლის 4 თებერვალს გაიმართება.