წინასწარი მონაცემებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი კანდიდატი, პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე ალან გაგლოევი მოქმედ „პრეზიდენტს“, ანატოლი ბიბილოვს ამარცხებს.
ხმების 85%-ის შეჯამების შედეგად, ალან გაგლოევს 53.67% უჭერს მხარს, ანატოლი ბიბილოვს – 41.3%. დე ფაქტო საარჩევნო კომისიის ცნობით, „მეორე ტურში“ ამომრჩეველთა აქტივობა 68.2% იყო.
ბიბილოვმა დამარცხება წუხელ აღიარა და გაგლოევს წარმატება უსურვა. 41 წლის ალან გაგლოევი ოკუპირებული რეგიონის უშიშროების კომიტეტის ყოფილი თანამშრომელია. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, იგი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა. ე.წ. საარჩევნო კამპანიის დროს გაგლოევი მოსახლეობას ჰპირდებოდა დანარჩენ საქართველოსთან 2019 წელს დაკეტილი ე.წ. საზღვრის გახსნას.
როგორ გაგრძელდება ცხინვალის ანექსიის პოლიტიკა გაგლოევის გამარჯვების შემთხვევაში?
„რუსეთთან მიერთება დამოკიდებულია რუსეთის პოზიციაზე. თუ რუსეთს ენდომება, ბიბილოვიც შეუერთებს ცხინვალს და გაგლოევიც. ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება მას“, – განმარტავს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „პუბლიკასთან“.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ჯერჯერობით, ცხინვალის ანექსიასთან დაკავშირებით არ ჩანს რუსეთის მკაფიო პოზიცია, ამიტომ რთულია თქმა, როგორ განვითარდება ამ მხრივ ვითარება. კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ ლოგიკურად, რუსეთს არ უნდა აწყობდეს ახლა ცხინვალის ანექსია, რადგან ეს მისთვის ახალ გამოწვევებს წარმოშობს, თუმცა მოსკოვისგან ნებისმიერი ნაბიჯია მოსალოდნელი.
„ეს ნაბიჯი ჩამოშლის რუსეთისთვის მისაღებ ხელისუფლებას საქართველოში და უამრავი სხვა საკითხი იქნება, რომელიც მას არ უნდა აწყობდეს. ბევრად მწვავე იქნება დასავლეთის რეაქციაც, ისე რომ, შეიძლება თუნდაც „ქართული ოცნების“ პოზიციის მიუხედავადაც კი დასავლეთის ინიციატივით სანქციები ცხინვალის ანექსიაზეც გაგრძელდეს. ასე რომ, ლოგიკურად რუსეთს არ უნდა აწყობდეს ეს რეფერენდუმი, თუმცა – მხოლოდ ლოგიკურად.
ყველანი ვხედავდით, როგორ ამორალურად მოქმედებდნენ უკრაინაში შეჭრამდე. ვითომ არ აპირებდნენ შეჭრას, თითქოსდა თავმოყრილი ჯარების გადაადგილებაც დაიწყო და ყველანაირად ცდილობდნენ, აერიათ გზა-კვალი, მაგრამ ვნახეთ ბოლოს მაინც, რომ ყველაზე საშინელი ნაბიჯი გადადგეს. ასე რომ, რუსეთის მხრიდან თამაში არ ნიშნავს, რომ მათ არ უნდათ ანექსია.
ხოლო იმდენად ალოგიკური იყო უკრაინაში შეჭრა და იმდენად კატასტროფულად მარცხდება რუსეთი, რომ არაა გამორიცხული, ასეთი უგუნური ნაბიჯი გადადგან ამ მიმართულებითაც.
თუმცა გაგლოევი არა მგონია, თავისით წავიდეს ამ ნაბიჯზე. არ გამოიჩენს განსაკუთრებულ ორიგინალობას, თუკი რუსეთის ინტერესი არ იქნება“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „პუბლიკასთან“.