არჩევნები ცხინვალში - რა უნდა ვიცოდეთ მეორე ტურამდე

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებულ ცხინვალში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში მოგება ვერ მოახერხა. მეტიც, ოპოზიციური პარტია „ნიხასის“ ლიდერმა, ალან გაგლოევმა ოფიციალური მონაცემებითაც ბიბილოვზე მეტი ხმა მოაგროვა. გაგლოევს თითქმის 37%-მა მისცა ხმა, ბიბილოვს კი ხმების5% ერგო.

არადა, ოკუპირებული რეგიონის საარჩევნო კომისიამ დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატების ნაწილი არც კი დაარეგისტრირა. მათ შორის, როგორც მიიჩნევდნენ, სწორედ ბიბილოვის მთავარი კონკურენტები დე ფაქტო დეპუტატი დავით სანაკოევი და ყოფილი თავდაცვის „მინისტრი“ იბრაგიმ გასეევი, რომელიც ბიბილოვმა გადააყენა.

ასევე, საარჩევნო კომისიას არ დაურეგისტრირებია ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითიც. თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა არჩევნებში გამარჯვებისთვის.

როგორ მოახერხა ალან გაგლოევმა არჩევნების პირველ ტურში დაწინაურება, რეალურია თუ არა ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების ცვლილება და შეცვლის თუ არა ეს რამეს საქართველოსთვის ან რეგიონში მცხოვრები ქართული მოსახლეობისთვის? კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „პუბლიკასთან“ ცხინვალში გამართულ  არჩევნებთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს გამოყოფს.

რატომ ვერ მოიგო ბიბილოვმა არჩევნების პირველი ტური?

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ერთი შეხედვით, შეიძლება, უცნაური იყო ბიბილოვის ვერ გამარჯვება, რადგან მისი ძირითადი კონკურენტები არჩევნებში ვერ მონაწილეობდნენ. მაგრამ არჩევნებში გადამწყვეტი როლი არა მისმა კონკურენტებმა, არამედ თავად ბიბილოვისადმი გაზრდილმა უკმაყოფილებამ ითამაშა. ზაქარეიშვილის თქმით, ბიბილოვი ახლა ცხინვალში ძალიან არაპოპულარული ლიდერია.

„მას ჰქონდა ძალიან მკაცრი, ავტორიტარული რეჟიმი და არ ითვალისწინებდა საზოგადოების რეაქციას. იყო საშინელი კორუფცია და ამას დაემატა ისიც, რომ ცხინვალის ციხეში მოკლეს ინალ ჯაბიევი, რომელსაც, არასარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შს მინისტრზე თავდასხმა ჰბრალდებოდა და ციხეში წამებით მოკლეს.

თუკი ოსურმა საზოგადოებამ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილზე მკაცრი რეაქცია არ გამოხატა, ჯაბიევის შემდეგ გაიხსენეს ტატუნაშვილიც და ამბობდნენ, რომ წამების ფაქტები ტენდენცია აღმოჩნდა. ბიბილოვმა კი არც ჯაბიევის მკვლელობა გამოიძია სათანადოდ და ეს დიდ გამოწვევად იქცა მისთვის. ყველა ელოდებოდა ამ არჩევნებს, რომ დაემარცხებინათ ბიბილოვი“, – ამბობს ზაქარეიშვილი.

ასე რომ, მისი თქმით, გაგლოევმა აიღო ხმების საკმაო რაოდენობა, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავად იყო გამორჩეული ფიგურა, არამედ უფრო იმიტომ, რომ ხალხს ბიბილოვის გაშვება სურს.

რეალურია თუ არა ხელისუფლების ცვლილება ცხინვალში?

ანატოლი ბიბილოვს არჩევნებთან დაკავშირებით ერთი სკანდალი უკვე უკავშირდება. ის დე ფაქტო პრეზიდენტი 2017 წელს გახდა, მაგრამ კენჭს იყრიდა 2011 წელსაც. ხელისუფლების კანდიდატი ბიბილოვი მაშინაც მეორე ტურში გავიდა, მაგრამ იქ კონკურენტთან, ალა ჯიოევასთან დამარცხდა.

ამის შემდეგ დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, ჯიოევას კი კანდიდატურის ხელახლა დარეგისტრირების საშუალება არ მისცა. მართალია, შემდეგ ბიბილოვსაც აღარ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ამ გამოცდილების გათვალისწინებით, შეიძლება, არსებობდეს კითხვები, დათმობს თუ არა ის მარტივად ძალაუფლებას.

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ბიბილოვი ყველაფერს გააკეთებს მეორე ტურში გასამარჯვებლად. საამისოდ კი გარკვეული ბერკეტებიც აქვს. ალან გაგლოევის ძმას კრიმინალური წარსული აქვს, მათ შორის, მისი სახელი დაკავშირებულია მკვლელობებთანაც. თავად ალან გაგლოევი კი უშიშროების სტრუქტურებში მუშაობდა და, მისი თქმით, შემჩნეულია ძმის მფარველობაში, რათა თავი აერიდებინა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.

„ახლა მას შეიძლება გაუხსენონ ეს ყველაფერი. რამდენიმე საქმეა, რომლებიც შეიძლება ამოქექონ  და კომპრომატებად გამოიყენონ მეორე ტურის წინ.

გაგლოევი ამ არჩევნებში ბიბილოვის წინააღმდეგ კამპანიას უფრო მიმართავდა, ვიდრე თავად სთავაზობდა საზოგადოებას ალტერნატივას. ის მიხვდა, რომ ბიბილოვი იყო ძალიან არაპოპულარული პიროვნება და ამაზე ააგო კამპანია, მაგრამ მეორე ტურში, თუკი ეს საქმეები ამოტივტივდა, მას მოუწევს მათზე პასუხის გაცემაც.

ჯერჯერობით, მეორე ტური წინაა და ბიბილოვი ყველაფერს გააკეთებს, რომ მოახერხოს გამარჯვება. იქნება ეს მანიპულაციები, გაყალბება თუ სხვ. თანაც დღემდე რუსეთი ყველანაირად მხარს უჭერდა მას, გაგლოევს კი ნამდვილად არ ჰქონია ეს მხარდაჭერა“, – ამბობს ზაქარეიშვილი.

კონფლიქტოლოგი ჰყვება, რომ კიდევ ერთი რამ, რაც შეიძლება ბიბილოვმა მეორე ტურის მოსაგებად გააკეთოს, რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის გამართვაა. მართალია, ეს საკითხი უკვე წამოსწია წინასაარჩევნოდ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უფრო წინასაარჩევნო სვლა იყო, ვიდრე რეალური გადაწყვეტილება.

„რეალურად რომ ჰქონოდა ამისი გეგმა, არჩევნების პარალელურად დანიშნავდა. მიიღებდა კიდეც მისთვის მისაღებ შედეგს, მაგრამ ეს უფრო წინასაარჩევნო საუბარს ჰგავდა. ახლა კი მეორე ტურის წინ ბიბილოვმა შეიძლება სულაც პირდაპირ რეფერენდუმის თარიღი დანიშნოს.

ამით ის ეცდება, ხალხის გული მოიგოს, რადგან ოსურ საზოგადოებაში მაინც, ძირითადად, პატივს სცემენ რუსეთთან მიერთების იდეას. ბიბილოვის მიმართ კი არის მოსაზრება, რომ ის მუდმივად სპეკულირებს ამ საკითხით და არაფერს არ აკეთებს“, – დასძენს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, თუკი ამ ყველაფრის ფონზე გაგლოევმა ბიბილოვი მაინც დაამარცხა, ეს მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ ოსურ საზოგადოებაში ძალიან დიდი მიუღებლობა ყოფილა მოქმედი პრეზიდენტის მიმართ.

ვინ არის ალან გაგლოევი და რას შეიძლება მოველოდეთ მისგან?

ალან გაგლოევი ცხინვალში 1981 წელს დაიბადა. იქვე დაამთავრა სკოლაც და უნივერსიტეტიც, რომელშიც ფინანსებს, შემდეგ კი სამართალს სწავლობდა. გაგლოევმა 2002 წელს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროში დაიწყო მუშაობა, 2004 წელს კი უშიშროების სამსახურს შეუერთდა, სადაც ამ დრომდე მუშაობდა.

ალან გაგლოევი საპრეზიდენტო არჩევნებში 2017 წელსაც მონაწილეობდა, მაგრამ მესამე ადგილზე გავიდა და დამარცხდა. როგორც გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ წერს, ალან გაგლოევის საარჩევნო კამპანიის მთავარი სპონსორი მიხეილ გაგლოევია, რომელიც რუსული ტემპბანკის გამგეობის თავმჯდომარე იყო. მას ეხმარებოდა არსენ გაგლოევიც, რომელიც ლეონიდ თიბილოვის დროს დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

არსენ გაგლოევს ოფიციალურ განცხადებებში სხვა კანდიდატებისგან განსხვავებული პოზიციები არ გამოუხატავს რუსეთსა და საქართველოსთან მიმართებით, თუმცა ახალგორში, სადაც ქართული მოსახლეობა ცხოვრობს, მაინც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ, როგორც ჩანს, ახალგორმა გაგლოევს მკაფიოდ დაუჭირა მხარი იმ იმედით, რომ ის მაინც გახსნის ახალგორის გზას.

„ამიტომ მას შეიძლება მოუწიოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც იქ მცხოვრები ქართული საზოგადოებისთვის იქნება მისაღები. გაგლოევი არ არის პროქართული განწყობის მატარებელი, მაგრამ არც ანტიქართული პოზიციით გამოირჩეოდა.

გაგლოევი არ იქნება უფრო ანტიქართული პოზიციის, ვიდრე ბიბილოვია. ის არ გამოირჩეოდა თავხედური განცხადებებით, რომ არ ეღირსებით გზის გახსნას, სანამ საგუშაგოა წნელისთან და ა.შ. მას არ უთქვამს, რომ გახსნიდა გზას, მაგრამ არც ის უთქვამს კატეგორიულად, რომ არ გახსნიდა“, – ამბობს ზაქარეიშვილი.

ასე რომ, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მართალია, საქართველოსთან მიმართებით ის განსხვავებულ პოზიციას არ გამოხატავს, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ გარკვეული დადებითი ცვლილებები იყოს რეგიონში მცხოვრები ქართული მოსახლეობისთვის.

„მაგრამ წინასწარ მაინც ვერაფერს ვიტყვით. გამორიცხული არაა, რომ სულაც უარესი გააკეთოს. ის გამოუცნობი ფიგურაა, სხვა პოლიტიკოსებს შორის ყველაზე გაუმჭვირვალე და გამოუცნობი ფიგურაა ალან გაგლოევი. ქართველებმა კი ხმა მისცეს გაგლოევს არა იმიტომ, რომ ის უნდათ, არამედ იმიტომ, რომ აღარ სურთ ბიბილოვის ხელისუფლება და სხვა არჩევანი არ აქვთ“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „პუბლიკასთან“.

როგორ გაგრძელდება ცხინვალის ანექსიის პოლიტიკა გაგლოევის გამარჯვების შემთხვევაში?

„რუსეთთან მიერთება დამოკიდებულია რუსეთის პოზიციაზე. თუ რუსეთს ენდომება, ბიბილოვიც შეუერთებს ცხინვალს და გაგლოევიც. ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება მას“, – განმარტავს ზაქარეიშვილი „პუბლიკასთან“.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ჯერჯერობით, ცხინვალის ანექსიასთან დაკავშირებით არ ჩანს რუსეთის მკაფიო პოზიცია, ამიტომ რთულია თქმა, როგორ განვითარდება ამ მხრივ ვითარება. კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ ლოგიკურად, რუსეთს არ უნდა აწყობდეს ახლა ცხინვალის ანექსია, რადგან ეს მისთვის ახალ გამოწვევებს წარმოშობს, თუმცა მოსკოვისგან ნებისმიერი ნაბიჯია მოსალოდნელი.

„ეს ნაბიჯი ჩამოშლის რუსეთისთვის მისაღებ ხელისუფლებას საქართველოში და უამრავი სხვა საკითხი იქნება, რომელიც მას არ უნდა აწყობდეს. ბევრად მწვავე იქნება დასავლეთის რეაქციაც, ისე რომ, შეიძლება თუნდაც „ქართული ოცნების“ პოზიციის მიუხედავადაც კი დასავლეთის ინიციატივით სანქციები ცხინვალის ანექსიაზეც გაგრძელდეს. ასე რომ, ლოგიკურად რუსეთს არ უნდა აწყობდეს ეს რეფერენდუმი, თუმცა – მხოლოდ ლოგიკურად.

ყველანი ვხედავდით, როგორ ამორალურად მოქმედებდნენ უკრაინაში შეჭრამდე. ვითომ არ აპირებდნენ შეჭრას, თითქოსდა თავმოყრილი ჯარების გადაადგილებაც დაიწყო და ყველანაირად ცდილობდნენ, აერიათ გზა-კვალი, მაგრამ ვნახეთ ბოლოს მაინც, რომ ყველაზე საშინელი ნაბიჯი გადადგეს. ასე რომ, რუსეთის მხრიდან თამაში არ ნიშნავს, რომ მათ არ უნდათ ანექსია.

ხოლო იმდენად ალოგიკური იყო უკრაინაში შეჭრა და იმდენად კატასტროფულად მარცხდება რუსეთი, რომ არაა გამორიცხული, ასეთი უგუნური ნაბიჯი გადადგან ამ მიმართულებითაც.

თუმცა გაგლოევი არა მგონია, თავისით წავიდეს ამ ნაბიჯზე. არ გამოიჩენს განსაკუთრებულ ორიგინალობას, თუკი რუსეთის ინტერესი არ იქნება“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „პუბლიკასთან“.