ცხოველთა თავშესაფრის დაცვაზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 16 ნოემბერს თბილისში, ცხოველთა თავშესაფარში შესვლის მცდელობისას დაცვის თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ცხოველთა დამცველების ცნობით, ეს დავით ზანდუკელია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, თბილისში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა. დაცვის თანამშრომელმა მათ ტერიტორიაზე შესვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ მასზე ფიზიკურად იძალადა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძალადობაში ბრალდებული პირი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები თავშესაფრებში შინაური ცხოველების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და მოკვლის ფაქტებს აპროტესტებენ. ისინი გუშინ მუნიციპალურ თავშესაფართან იყვნენ მისულები და უბნებიდან წაყვანილი მიკედლებული მიუსაფარი ცხოველების ნახვა და გამოხსნა სურდათ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.