ცხოვრების დონის მაჩვენებლები – საქსტატი 2019 წლის სტატისტიკას აქვეყნებს

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა 2019 წლის მონაცემები გამოაქვეყნა შინამეურნეობების ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 251.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.4%-ით აღემატება.

2019 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1 175.3 ლარს, ხოლო ერთ სულზე 336.1 ლარს შეადგენდა.

საქსტატის ინფორმაციით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2019 წელს, გასულ წელთან შედარებით, 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 84.5 % შეადგინა.

„შინამეურნეობების მთლიანი შემოსავლების მოცულობა გაცილებით მაღალი იყო ქალაქის ტიპის დასახლებებში და 781.1 მილიონ ლარს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებელი 470.2 მილიონი ლარის ფარგლებში იყო სოფლის ტიპის დასახლებებში.

2019 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი
წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს (48.7 %). გარდა ამისა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი პენსიები, სტიპენდიები და დახმარებები (19.0%), შემოსავლები თვითდასაქმებიდან (11.4 %) და საჩუქრად მიღებული ფული (8.8 %)“, – ამბობენ საქსტატში.

2019 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი (37.8 %) უჭირავს სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს.