ცნობილია 2020 წლის ნობელის პრემიის ეკონომიკის დარგის ლაურეატებიც

პუბლიკა

დღეს ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ამერიკელ ეკონომისტებს – პოლ მილგრომსა და რობერტ უილსონს გადაეცათ. ნობელის კომიტეტის ცნობით, პრემია მილგრომსა და უილსონს გადაეცათ აუქციონების თეორიის სრულყოფისა და ახალი ფორმატის აუქციონების შექმნისათვის.

გასული კვირის განმავლობაში 2020 წლის ნობელის ლაურეატები, ეკონომიკის დარგის გარდა, ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის, ლიტერატურისა და მშვიდობის დარგებში გამოვლინდნენ.

ლიტერატურის დარგში 2020 წლის ნობელის ლაურეატი ამერიკელი პოეტი, ლუიზა გლუკი გახდა.

ამით, გლუკი გახდა პირველი ამერიკელი ავტორი, რომელსაც ბოლო 27 წლის განმავლობაში ნობელი გადაეცა. მისი დებიუტი 1968 წელს, „პირველი დაბადებით“ შედგა და 1993 წელს პულიცერის პრემია აიღო. მანვე, 2014 წელს აიღო წიგნის ეროვნული პრემია. ლუიზა გლუკს გამოქვეყნებული აქვს პოეზიის 12 კრებული და ესეების რამდენიმე ტომი პოეზიაზე.

წლევანდელი ნობელის პრემია ფიზიკის დარგში შავ ხვრელთან დაკავშირებული აღმოჩენებისათვის სამ მეცნიერს – ანდრეა გეზს, როჯერ პენროუზსა და რაინარდ გენზელს გადაეცათ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა პენროუზმა დაამტკიცა, რომ შავი ხვრელი ფიზიკური რეალობაა, რაც, თავის მხრივ, აინშტაინის ფარდობითობის ზოგად თეორიასაც ასაბუთებს. რაინარდ გენზელმა და ანდრეა გეზმა კი აღმოაჩინეს, რომ სუპერმასიური შავი ხვრელი „ირმის ნახტომის“ გალაქტიკის ცენტრია.

ნობელის პრემია მედიცინის დარგში სამმა მეცნიერმა, ჰარვი ალტერმა, მაიკლ ჰოუტონმა და ჩარლზ რაისმა, ერთობლივად აიღეს C ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენისთვის.

ნობელის ასამბლეის განცხადებით, ამ მეცნიერებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღმოჩენა ხელს შეუწყობს ვირუსის წინააღმდეგ მკურნალობას.

2020 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში გადასცეს ორ მეცნიერს – ემანუელ შარპენტიესა და ჯენიფერ დუდნას გენომის რედაქტირების რევოლუციური მეთოდის – CRISPR-ის განვითარებაში.

ამ მეთოდის გამოყენებით მკვლევრებს შუძლიათ ცხოველების, მცენარეებისა და მიკროორგანიზმების დნმ-ის მაღალი სიზუსტით შეცვლა. ამ ტექნოლოგიამ დიდი გავლენა იქონია სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებზე, ეხმარება მკვლევრებს კიბოს ახალი მკურნალობის მეთოდების შემუშავებაში და შესაძლოა მომავალში, ნობელის ქიმიის კომიტეტის შეფასებით, მემკვიდრული დაავადებების განკურნებაც შეძლოს.


ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ჯილდოა, რომლის დაარსებაც შვედი ქიმიკოსის ალფრედ ნობელის სახელს უკავშირდება. პრემია 1901 წლიდან გაიცემა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით წლევანდელი დაჯილდოვების ზოგიერთი ღონისძიება ონლაინ ჩატარდება.

გასულ თვეში ნობელის კომიტეტმა კიდევ ერთი ცვლილება დააანონსა: ნობელის თითოეული პრემია 10 მილიონ შვედურ კრონამდე ( 1 მილიონით მეტი, ვიდრე წინა წელს) გაიზრდება. მიმდინარე გაცვლითი კურსით ეს დაახლოებით 1 120 000 აშშ დოლარს შეადგენს.