ცნობილია, ვინ იქნებიან ოპოზიციის საერთო კანდიდატები საბურთალოსა და დიდუბის ოლქებში

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში კი პარტიებმა მხარი ზურაბ ჯაფარიძეს დაუჭირეს.

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიიღეს და საზოგადოებას შალვა ნათელაშვილმა გააცნო. ნათელაშვილის განცხადებით, მიიღეს ასევე ერთმანეთის ხმების დაცვის დეკლარაცია.

„ცხელი ზაფხულითა და მძიმე ამბებით დაზაფრული ჩვენი საზოგადოება გვინდა, გავახაროთ. ის მაინც მოხდა!

ოპოზიცია შეთანხმდა დედაქალაქში საერთო კანდიდატებზე სრულად და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რეჟიმს დედაქალაქი 31 ოქტომბერს დაკარგული აქვს.

კონსულტაციები იყო ძალიან რთული, საპასუხისმგებლო, დაძაბული და მე არ მახსენდება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში მეორე პრეცედენტი იმისა, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა მოილაპარაკა საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე, თუნდაც დედაქალაქში. ეს შევა ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში და პოლიტიკის სახელმძღვანელოებშიც მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც დაინტერესდებაინ ამგვარი პრობლემატიკით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა კანდიდატების წარდგენამდე.

მან ირაკლი ოქრუაშვილს „ყველა ხელისუფლებასთან დაუცხრომელი მებრძოლი“ უწოდა, ხოლო ზურაბ ჯაფარიძე წარადგინა, როგორც ადამიანი, რომელსაც „ყველა ვიცნობთ და მისი აქტიურობით მოხიბლული ვართ ყოველთვის“.

რაც შეეხება დეკლარაციას, ნათელაშვილის თქმით, ხმების ურთიერთდაცვის გადაწყვეტილებაც ისტორიული გადაწყვეტილებაა. მისი განცხადებით, დეკლარაცია კიდევ ზუსტდება „კონკრეტული მექანიზმების განსასაზღვრად“ და მას ხელს უახლოეს დღეებში ოფიციალურად მოაწერენ.


საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ვის დააყენებს ოპოზიციის ნაწილი თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებად.

ვაკე – ელენე ხოშტარია – „ევროპული საქართველო“

სამგორი – ლევან ხაბეიშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“

გლდანი – ნიკა მელია – „ნაციონალური მოძრაობა“

მთაწმინდა – შალვა შავგულიძე – „თავისუფალი დემოკრატები“

ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი – „ლეიბორისტული პარტია“

ისანი – გიორგი ვაშაძე – „ახალი საქართველო“