ცოლის ცნობით, აფგან სადიგოვმა პირადობის მოწმობა აიღო, პასპორტს კი მაისში მიიღებს

პუბლიკა

სევინჩ სადიგოვას ცნობით, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა პირადობის მოწმობა უკვე მიიღო, რაც შეეხება საერთაშორისო პასპორტს – შესაბამისი მოთხოვნა მან უკვე დაარეგისტრირა და დოკუმენტს 1 მაისს მიიღებს.

„ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი განშორების წლების დასასრულებლად, ოჯახის გასაერთიანებლად და აფგანის სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – წერს სევინჩ სადიგოვა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ღამის 4 საათზე საგანგებოდ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა „სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის საქმეზე“ სამართალდამრღვევად ცნო და მისი აზერბაიჯანში გაძევების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სადიგოვს საქართველოში 3 წლით შემოსვლა აუკრძალა და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 1 აპრილს აზერბაიჯანში სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერება. 3 აპრილს ქართულმა სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა. 4 აპრილს კი აფგან სადიგოვი თბილისში ადმინისტრაციული წესით დააკავეს.