„სამწუხაროა, რომ ვერ შევძელი საქართველოში დარჩენა და „დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის“ გაგრძელება“ – წერს სოციალურ ქსელში საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი.
ის მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვინც მხარს უჭერდა.
„მთელი ჩემი გული, ფიქრები და სული მშობლიურ საქართველოში, ხალხის გვერდით, პარლამენტის წინ, ჩვენი ბრძოლის მეგობრების გვერდით დარჩა.
უსაზღვრო მადლიერება მინდა გამოვხატო ქართველი ხალხის, ჩემი თანამებრძოლების, მოედნის მეგობრებისა და ყველას მიმართ, ვინც მხარს მიჭერდა.
ივანიშვილმა – მკვლელმა, კორუმპირებულმა ჩინოვნიკმა, კრემლისა და პუტინის მონამ და თავისი ქვეყნის მოღალატემ – უდიდესი დარტყმა მიაყენა ქართული სახელმწიფოს იმიჯს საქართველოდან ჩემი გაძევებით, საერთაშორისო კანონმდებლობისა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევით. ამ ნაბიჯით მან ხალხის აწმყო და მომავალი პირად ინტერესებს შესწირა.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „აფგან სადიგოვის საქართველოში დარჩენა ძალიან სერიოზული საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის“.
სამწუხაროა, რომ საქართველოში დარჩენა და „დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის“ ბოლომდე გაგრძელება ვერ შევძელი. მაგრამ მე მჯერა, რომ მამაცი, მებრძოლი, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი ბოლომდე და მტკიცედ გააგრძელებს ბრძოლას დამნაშავეებისგან შემდგარი „ქართულ ოცნებად“ წოდებულ კრიმინალური ბანდის წინააღმდეგ და პირადად კრიმინალთა მეთაურს, ბიძინა ივანიშვილს სამუდამოდ გააძევებს პოლიტიკური ასპარეზიდან.
მე ბოლომდე ვიქნები ქართველი ხალხისა და ჩემი ბრძოლის მეგობრების გვერდით!
ცოტა ხნის შემდეგ რა მოხდება, ან რა ტრაგედიებს მოგვიტანენ, უცნობია. პატიმრობა, რეპრესიები, იდუმალი მკვლელობა – ეს ყველაფერი შეიძლება ნებისმიერ წამს თავს დაატყდეს ყველას, ვინც პოლიტიკურ ბრძოლაშია ჩართული.
ძირს დიქტატურა!!! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!!!”, – წერს სადიგოვი Facebook-ზე.
2026 წლის 1 აპრილს აზერბაიჯანმა ჟურნალისტ აფგან სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეაჩერა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა.
3 აპრილს ქართულმა სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა.
4 აპრილს აფგან სადიგოვი თბილისში ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ღამის 4 საათზე საგანგებოდ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სადიგოვი „სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის საქმეზე“ სამართალდამრღვევად ცნო და მისი აზერბაიჯანში გაძევების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მას საქართველოში 3 წლით შემოსვლა აუკრძალა და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მოსამართლემ სადიგოვი სამართალდამრღვევად ამ შინაარსის Facebook-პოსტის გამო ცნო:
„იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ – და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“, – დაწერა სადიგოვმა 1 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში.
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“ (IPI) მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების მექანიზმზე (MFRR) ხელმომწერ პარტნიორებთან და მედიის თავისუფლების, ჟურნალისტთა და გამოხატვის თავისუფლების დამცველ სხვა ორგანიზაციებთან ერთად დაგმო აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევება.
ორგანიზაციების შეფასებით, სადიგოვის დეპორტაცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისტი ვალდებულებების უხეში დარღვევაა და ამას მკაცრი დაგმობა სჭირდება.
საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ Human Rights Watch კი განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიძიონ აფგან სადიგოვის გაძევების გარემოებები და უზრუნველყონ პასუხისმგებლობა მისი ვალდებულებების ნებისმიერი დარღვევისთვის.
„ეს ვალდებულებები მოიცავს დევნის, წამების ან ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების რისკის წინაშე დაბრუნების აბსოლუტურ აკრძალვას, ასევე სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარანტიებს, სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ეფექტურ სამართლებრივ დაცვის საშუალებას და დროებითი ზომების შესრულებას“, – ნათქვამია HRW-ის განცხადებაში.