აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა – ამის შესახებ ინფორმაციას მისი ცოლი, სევინჩ სადიგოვა ავრცელებს. ის 136-ე დღეა, შიმშილობს.
აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ვერ გადაადგილდება ეტლის გარეშე.
სევინჩ სადიგოვა ამაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და ილჰამ ალიევს აკისრებს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციაზე თანხმობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა 28 ნოემბერს დააკმაყოფილა, თუმცა 14 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.
სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოცემამდე სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სადიგოვის საჩივარი, რომელიც საქართველოში მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარს ეხებოდა.
სააპელაციოს ეს გადაწყვეტილება „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სტრასბურგში გაასაჩივრა და დროებითი ღონისძიების გაგრძელება მოითხოვა, რაც უზრუნველყოფს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობას, სანამ ევროპული სასამართლო ამ საქმეზე არსებით და საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანული azel.tv-ის მთავარი რედაქტორია, ის აქტიურად წერდა აზერბაიჯანში კორუფციასა და მწვავე სოციალურ საკითხებზე და აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას. სწორედ ამის გამო ორჯერ იყო დაპატიმრებული აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით. პატიმრობისას იშიმშილა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჟურნალისტი სამკურნალოდ საქართველოში ჩამოვიდა. სადიგოვი 3 აგვისტოს დააკავეს.