Comcom-ის წევრად პარლამენტმა სამთავრობო „იმედის" იურისტი ანი ვაზაგაშვილი აირჩია

პუბლიკა

პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა კონუნიკაციების კომისიის წევრად ანი ვაზაგაშვილის კანდიდატურას 80 ხმით დაუჭირა მხარი.

ანი ვაზაგაშვილი დღემდე  ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „ტელეიმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და  „მაესტროს” იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელია. მისი სამუშაო გამოცდილების მიხედვით, 2019-2024 წლებში ის შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოში იურისტის თანამდებობას იკავებდა.

სახელისუფლებო „იმედის” იურისტთან ერთად, პარლამენტს ასარჩევად წარდგენილი ჰქონდა გიორგი ელისაშვილისა და სოლომონ ექვთიმიშვილის კანდიდატურები. ელისაშვილი დღემდე ტელეკომპანია GDS-ის ფინანსური დირექტორია, ხოლო ექვთიმიშვილი „მედია ჰოლდინგის“ ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ახლადარჩეული წევრი კომისიაში ვახტანგ აბაშიძეს ჩაანაცვლებს. აბაშიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურებოდა, რის გამოც, მთავრობამ 2026 წლის 11 თებერვალს კომისიის წევრის არჩევაზე ღია კონკურსი გამოაცხადა.

კომუნიკაციების კომისია 5 წევრისგან შედგება, რომელთა უფლებამოსილება 6 წლის ვადით განისაზღვრება. ერთი და იგივე პირი კომისიის წევრად 2-ზე მეტი ვადით ვერ აირჩევა.

როგორ ირჩევენ კომისიის წევრებს?

„მაუწყებლობის შესახებ” კანონის თანახმად, კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლის მმართველ თანამდებობაზე.

კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 დღეში მათი სია და დოკუმენტები მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება

შემდგომ იქმნება საკონკურსო კომისია, რომელიც შეამოწმებს კანდიდატების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან თავსებადობას და სიას წარუდგენს პრეზიდენტს [არანაკლებ 3 კანდიდატურა 1 თანამდებობაზე], თავის მხრივ პრეზიდენტი –  პარლამენტს.