ავტორი: ანი ღულინიანი
19 ოქტომბერს ინიციატივა „ჩემი გული მთებშია“ ერევანში, COP17-ის ერთ-ერთი ღონისძიების ადგილის წინ შეიკრიბა და ამულსარის ოქროს მაღაროს დახურვა და გარემოზე ზემოქმედების ხელახალი შეფასება მოითხოვა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ოქროს მაღაროს გახსნის შესახებ ბიომრავალფეროვნების კონფერენციის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გამოაცხადა. კონფერენცია ერევანში მიმდინარეობს.
ამულსარის ოქროს მაღარო სომხეთის ვაიოც ძორის პროვინციაში, საკურორტო ქალაქ ჯერმუკის მახლობლად მდებარეობს. მაღაროს მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, თუმცა 2018 წლის ივნისიდან შეჩერდა, რადგან ადგილობრივი მომიტინგეები პროექტთან მისასვლელ გზებს ბლოკავდნენ. ბლოკადა 2020 წელს, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს დასრულდა.
გარემოსდაცვითი აქტივისტები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ სამთო მოპოვების პროცესმა და ოქროს მოპოვებისთვის ციანიდის გამოყენებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მდინარეებზე: არპასა და ვოროტანზე და, შესაძლოა, სევანის ტბაზეც, რომელიც სომხეთის მტკნარი წყლის უდიდესი მარაგია.
ამულსარის ოქროს მაღაროს კომპანია Lydian Armenia ოპერირებს. ის Lydian International-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ბრიტანეთის საგადასახადო ოფშორად ცნობილ კუნძულ ჯერსიზეა რეგისტრირებული.
კომპანიის განცხადებით, ის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის სფეროებში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ნერგავს. კომპანია მიუთითებს ამულსარის მაღაროს გარემოსა და სოციალურ ზემოქმედებაზე წარმოებულ შეფასებაზე (ESIA), რომელიც, მისი თქმით, 2016 წელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა.
2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ სომხეთში ეს საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. ვინაიდან საზოგადოება Lydian Armenia-ს დაკვეთით ჩატარებულ შეფასებას არ ენდობოდა, ფაშინიანის მთავრობამ მაღაროს შესაფასებლად კომპანია Earth Link & Advanced Resources Development-ს (ELARD) 450 000 აშშ დოლარი გადაუხადა. 2024 წელს მთავრობამ მაღაროს საქმიანობას მწვანე შუქი აუნთო.
პოლიციამ მომიტინგეებს გადაადგილება შეუზღუდა
მომიტინგეები COP17-ის „მწვანე ზონის“ შესასვლელთან შეიკრიბნენ. ეს კონფერენციის ერთ-ერთი სივრცეა, რომელიც ერევანში, კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში მდებარეობს, თუმცა პოლიციელებმა მათ განუცხადეს, რომ თუ პლაკატების გამოფენა სურდათ, შენობის კიბეებთან უნდა გადასულიყვნენ, რადგან შეკრების ოფიციალური ნებართვა არ ჰქონდათ.
ინიციატივა „ჩემი გული მთაშიას“ წევრმა კარინე პანოსიანმა OC Media-ს განუცხადა, რომ მათი გეგმა COP17-ის „მწვანე ზონის“ წინ შეკრება იყო. ეს კონფერენციის სივრცე საზოგადოებისთვის ღიაა, შემდეგ კი ისინი „ლურჯ ზონაში“ გადასვლას აპირებდნენ, რომელიც გაეროს წევრი ქვეყნების დელეგაციებისთვის განკუთვნილი ოფიციალური, შეზღუდული მოლაპარაკებების სივრცეა.
„პოლიციამ არ მოგვცა საშუალება, პლაკატები აგვეღო და მწვანე ზონიდან ლურჯ ზონაში გადავსულიყავით. მიზეზად უსაფრთხოება დაასახელეს. თუმცა ეს ძალიან სასაცილოა – ყველანი მშვიდად ვიყავით, არ ვაპირებდით საფრთხის შექმნას ან რაიმე მსგავსის გაკეთებას. აგვიკრძალეს აქ, ჩვენი პლაკატებით, საპროტესტო აქციის ჩატარება და იმის თქმა, რისი თქმაც გვსურს მსოფლიოსთვის სომხეთში არსებული ეკოლოგიური პრობლემის შესახებ“, – განაცხადა პანოსიანმა.
მისი თქმით, მათ შეკრების ნებართვის მისაღებად განაცხადი არ შეუტანიათ, რადგან კანონი 100-ზე ნაკლები მონაწილის შეკრების შემთხვევაში ამის ვალდებულებას არ აკისრებს.
ფაშინიანმა მაღაროს გახსნა „წარმატების ისტორიად“ შეაფასა
10 ოქტომბერს ფაშინიანმა, მთავრობის წარმომადგენლებთან და პარტიის წევრებთან ერთად, მაღარო გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ეს მოვლენა „წარმატების ისტორიად“ აღწერა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების პროცესი სხვა საინვესტიციო პროექტებისთვისაც სამაგალითო უნდა გახდეს.
„უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ შეგვიძლია ამ ღონისძიების ასეთ საზეიმო გარემოში ჩატარება, ახლომახლო პროტესტისა და მსგავსი ქმედებების გარეშე“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მთავრობა ცდილობდა საზოგადოებაში არსებული შეშფოთების აღმოფხვრას, მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და იმის ჩვენებას, რომ პროექტი თავად სომხეთს ეკუთვნოდა და არა რომელიმე გარე ძალას.
მაღაროს 75,5%-იან წილს Lydian Armenia ფლობს, ხოლო სომხეთის მთავრობას 12,5% ეკუთვნის.
აქტივისტები პროექტის დაფინანსების საკითხზე საუბრობენ
გეოგრაფი ლევონ გალსტიანი, რომელიც ამულსარის მოძრაობაში მისი დაარსების დღიდან ჩართულია, ასევე ესწრებოდა საპროტესტო აქციას. მისი აზრით, მაღაროს ახლა გახსნის მიზეზი ისაა, რომ კომპანიამ გარემოსდაცვითი პრობლემებისა და შეფასების შედეგების გამო საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსების მოპოვება ვერ შეძლო.
„სომხეთის ყველა მთავრობა მხარს უჭერდა ქვეყანაში ნებისმიერი მაღაროს გახსნას, მათ შორის ამ მაღაროს გახსნასაც. 2020 წლის შემდეგ მათ [Lydian Armenia-მ] სამუშაოები არ განაახლა, რადგან ფინანსური პრობლემები ჰქონდათ და არავინ იყო მზად პროექტის დასაფინანსებლად.
მთავრობას იმდენად სურდა ამ პროექტის განხორციელება, რომ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა: მაღაროსთვის 180 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება გარანტირებულად უზრუნველყო, რითაც კომპანიას ბანკიდან იმავე ოდენობის სესხის აღების შესაძლებლობა მისცა. თუ პრობლემები წარმოიქმნება და კომპანია სესხის დაბრუნებას ვერ შეძლებს, სახელმწიფოს მოუწევს თანხის ბიუჯეტიდან დაფარვა“, – განაცხადა მან.
Lydian Armenia-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროექტისთვის სომხეთის ამერიკის ბანკიდან (Armenian America Bank) დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის სესხი მიიღო, რომელსაც სომხეთის მთავრობა სახელმწიფო გარანტიით უზრუნველყოფს.
გარემოსდაცვითი რისკები და სევანის ტბის საკითხი
ანდრეი რალევი წარმოადგენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ორგანიზაციების ქსელს Bankwatch-ს, რომელიც ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მსხვილი ევროპული ბანკების მიერ პროექტების დაფინანსებასა და საჯარო სახსრების გამოყენებას აკვირდება.
მისი განცხადებით, არსებობს რისკი, რომ მაღაროდან ციანიდი დაიღვაროს და მდინარე არპა დააბინძუროს. ასევე არსებობს მჟავე სადრენაჟო ჩამონადენის წარმოქმნის საფრთხე, რამაც შესაძლოა სევანის ტბისკენ მიმავალი წყალი დააბინძუროს.
„ამულსარის ოქროს მაღარო ათ წელზე მეტია, სომხეთის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გარემოსდაცვითი პრობლემაა. ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი არსებობს. სომხეთმა საერთაშორისო კონვენციების წესები უნდა დაიცვას, თუმცა ამ წესებს დიდწილად უგულებელყოფს“, – განუცხადა მან OC Media-ს.
რალევი COP17-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაშიც მონაწილეობდა, სადაც ამულსარში სამთო მოპოვების საკითხზე ბერნის კონვენციის პოზიციაზე ისაუბრა.
„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ის, რომ ჯერმუკის თემთან კონსულტაციები არ გამართულა. პროექტი უკვე ახდენს გავლენას ადგილობრივ თემებსა და ტურიზმზე, რომელიც საკურორტო ქალაქ ჯერმუკში განვითარდა“, – დასძინა მან.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ