COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა საქართველოში – NCDC-ის ანგარიში

პუბლიკა

საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) მეორე ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში გაანალიზებულია 11 ივნისის მდგომარეობით არსებული ვითარება. ანგარიშის მიხედვით,  საქართველოში გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 13 იყო, ლეტალობის მაჩვენებელი – 1.57%. გარდაცვლილთა შორის 7 პირი თბილისის მცხოვრებია, 4 – ქვემო ქართლის, 2 – აჭარის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მრავალ ქვეყანაში, გარდა COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობისა, ერთ-ერთ საგულისხმო ინდიკატორად ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელს განიხილავენ, რათა შეფასდეს, მოახდინა თუ არა რაიმე გავლენა აღნიშნული დაავადების სწრაფმა გავრცელებამ და მასთან დაკავშირებულმა გარდაცვალების შემთხვევებმა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე.

„ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც სიკვდილიანობა ზოგად პოპულაციაში, რომელიც აღემატება მოსალოდნელ სიკვდილიანობის მაჩვენებელს, გამოწვეულს კონკრეტული დაავადებით. მომატებული სიკვილიანობა აღინიშნა ბელგიაში, საფრანგეთში, შვედეთში, ესპანეთში, იტალიაში, ინგლისსა და ნიდერლანდებში.

საქართველოში 2020 წლის 1 იანვრიდან 15 მაისის ჩათვლით პერიოდში გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობა (17 509) ნაკლებია წინა წლებთან შედარებით: 8%-ით 2019 წელთან და 3%- ით 2018 წელთან შედარებით”, – აღნიშნულია ანგარიშში.

გარდაცვალების შემთხვევათა სქესობრივ-ასაკობრივ განაწილებას რაც შეეხება, ანგარიშის მიხედვით, გარდაცვლილი 13 ადამიანიდან 8 კაცია, 5 – ქალი. გარდაცვლილი 3 ადამიანი 70 წლამდეა, 3 – 70-დან 79 წლამდე, ხოლო 7 ადამიანი – 79 წლის ზემოთ.