COVID-19-ით გარდაცვლილთა 77%-ს სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევები ჰქონდა - NCDC

პუბლიკა

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ჯანმრთელობის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, 11 მაისის მდგომარეობით COVID-19-ით გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 10, ლეტალობის მაჩვენებელი ki (case fatality rate) – 1.7%-ია. გარდაცვალების 6 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, 3 – ქვემო ქართლში, 1 – აჭარაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მრავალ ქვეყანაში, გარდა COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობისა, ერთ-ერთ საგულისხმო ინდიკატორად ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელს (excess mortality) განიხილავენ, რათა შეფასდეს, მოახდინა თუ არა რაიმე გავლენა აღნიშნული დაავადების სწრაფმა გავრცელებამ და მასთან დაკავშირებულმა გარდაცვალების შემთხვევებმა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე.

ანგარიშის მიხედვით, შედარებით მაღალი სიკვდილიანობა ამ ეტაპისთვის (11.05.2020) აღინიშნება ბელგიაში, საფრანგეთში, შვედეთში, ესპანეთში, იტალიაში, ინგლისსა და ნიდერლანდებში.

„საქართველოში 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობამ 12 474 შეადგინა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის გარდაცვლილთა რაოდენობაზე (12 989) 4%-ით ნაკლებია. 2019 წელს იგივე მაჩვენებელი, წინა წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, 5%-ით მეტი იყო (2018 წელს გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა – 12 245)“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ანგარიშის მიხედვით, გარდაცვლილთა 77%-ს სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევები ჰქონდა, 9%-ს კი ენდოკრინული სისტემის დარღვევები. გარდაცვლილ პაციენტთა ანამნეზში 2014-2019 წლების პერიოდში სტაციონარული მკურნალობის ისტორია კი 40%- ჰქონდა.