Covid-19 არის საშიში, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაჩეროს საქართველოსთვის ბრძოლაში - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა facebook-მიმართვა გაავრცელა.

მიმართვაში ის ამბობს, რომ ივანიშვილი იყენებს ყველა გზას, მათ შორის, კორონავირუსს იმისთვის, რომ შეაჩეროს საპროტესტო ტალღა. სააკაშვილის განცხადებით, პროტესტი მანამ არ დასრულდება, სანამ არ აღდგება სამართლიანობა.

„ხალხი არ შევა უკან და მუდმივად იბრძოლებს, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი არ აღიარებს, რომ მათ გააყალბეს ბოლომდე, მოიპარეს არჩევნები, ჩაიდინეს საუკუნის ძარცვა, ვიდრე არ იქნება აღიარებული ნამდვილი შედეგები ან არ ჩატარდება მთლიანად ახალი არჩევნები დროებითი ადმინისტრაციის პირობებში

კოვიდის ეპიდემია პრაქტიკულად გახდა უკონტროლო იმის გამო, რომ მთელი რიგი ქმედებები ხელოვნურად არ განხორციელდა ივანიშვილის მთავრობის მიერ. ახლა გამოყენებულია ივანიშვილის მიერ, რათა ქვეყანა ჩაკეტოს, რათა ხალხში შექმნას პანიკა, რათა ხალხმა არ დაიცვას თავისი არჩევანის შედეგები. მინდა, ვუთხრა ყველას, რა თქმა უნდა კოვიდი არის საშიში და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გვჭირდება პირადი ჰიგიენის დაცვა, ნიღბების გამოყენება, ხელების დაბანა, მაგრამ ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ამან არ უნდა შეგვაჩეროს საქართველოსთვის ბრძოლაში, საქართველოს გადარჩენაში და თითოეული ჩვენგანის, ოჯახის, შვილების გადარჩენის საქმეში.

კოვიდზე ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა, როგორც კი ივანიშვილი გაიწევა გვერდზე შევქმნით დროებით კოვიდ ადმინისტრაციას და ძალიან სწრაფად დავასტაბილურებთ სიტუაციას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ამავე მიმართვაში მოუწოდა კომისიის წევრებსა და თავმჯდომარეებს, მოყვნენ, როგორ, რა სისტემით გაყალბდა არჩევნები, საპასუხოდ კი მათ მიეცემათ სრული ხელშეუხებლობის გარანტია.

„მინდა, მივმართო საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს, თქვენ რაც გააკეთეთ, ეს არის მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. გაძლევთ გარანტიას და დარწმუნებული ვარ, ამას ყველა დაეთანხმება, რომ ვინც ახლა გამოვა და მოყვება, როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არამხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები, არამედ ყველანი წახალისდებით და იქნებით მხარდაჭერილი საქართველოს გარდამავალი ხელისუფლების. მინდა, ამ საათებში, ამ წუთებში, უახლოეს ერთ-ორ დღეში ყველანი დაფიქრდეთ, რაზე მოგაწერინეს ხელი ნებსით თუ უნებლიედ, რამხელა დანაშაულში მიგაღებინეს მონაწილეობა და რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის ახლა სიმართლის თქმა“, – აცხადებს სააკაშვილი.