COVID-პანდემიისაგან დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გერმანია საქართველოს 3 მლნ ევროს ჩუქნის

პუბლიკა

გერმანიის მთავრობა საქართველოსთვის 3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს, რომელიც COVID-პანდემიისაგან დაზარალებული ოჯახების სოციალურ დაცვას მოხმარდება, – ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის საელჩო ავრცელებს. მათი თქმით, ამ დახმარების მიზანს წარმოადგენდა საქართველოში იმ ოჯახებისთვის ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება, რომლებმაც კოვიდპანდემიის გამო დაკარგეს შემოსავალი.

„2021 წლის 30 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული 3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფის შესახებ, რომელიც მოხმარდება კოვიდპანდემიისაგან დაზარალებული ოჯახების სოციალურ დაცვას.

ეს გრანტი დაემატება გერმანიის მიერ გასულ წელს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე გამოყოფილ დახმარებას, რომელიც შედგებოდა 5.8 მილიონი ევროს ოდენობის გრანტისა და 15 მილიონი ევროს ოდენობის დაბალპროცენტიანი კრედიტისაგან. ამ დახმარების მიზანს წარმოადგენდა საქართველოში იმ ოჯახებისთვის ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება, რომლებმაც კოვიდ-პანდემიის გამო დაკარგეს შემოსავალი.

გაზრდილი თანხით დაფინანსდება 135 ათასზე მეტი გადახდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. ამავე დროს 2020 წელს გაცემული კრედიტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება, განხორციელდეს უმუშევართა შემწეობის 280 ათასზე მეტი გადახდა შესაბამისი პირებისათვის. ეს მხარდაჭერა თავის წვლილს შეიტანს არა მხოლოდ მრავალი ოჯახის სოციალური დაცვის საქმეში, არამედ ასევე სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.