CPJ: ხელისუფლებამ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს

პუბლიკა

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” (CPJ) გმობს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ საქმე აშკარად სადამსჯელოა და მით უფრო შემაშფოთებელია, თუ ჟურნალისტებზე პოლიციელების სასტიკი თავდასხმების დაუსჯელობის ფართოდ გავრცელებულ ფონს გავითვალისწინებთ. ხელისუფლებამ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს”, – განაცხადა CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის საქმე საქართველოში ჟურნალისტური თავისუფლების მკვეთრი გაუარესების ფონზე მიმდინარეობს.

4 მარტს ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მიიღო.

„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.

13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.