Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის $210 მილიონი აქვს გადახდილი - Bloomberg

პუბლიკა

შვეიცარიული ბანკი Credit Suisse Group AG აცხადებს, რომ მათ ამ დროისთვის საქართველოს ყოფილი პრემიერისა და ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილისთვის $210 მილიონი აქვთ გადახდილი სასამართლო დავაში კომპენსაციის სახით. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

Bloomberg წერს, რომ ბანკის პრესსპიკერისგან მიღებული ინფორმაციიდან არ ჩანს, რომელ დავას ეხებოდა კომპენსაცია და რა პერიოდში გადაუხადა თანხა ბანკმა ივანიშვილს. ბანკის მიხედვით, ეს არის ჯამური თანხა, რომელიც სასამართლო პროცესებისთვის გადაიხადეს.

ბანკისგან მიღებულ წერილში ასევე არ იყო დაზუსტებული სინგაპურში მიმდინარე დავის შესახებ ინფორმაცია, თუმცა, როგორც Bloomberg წერს, წერილი ცხადყოფს, თუ რა უჯდება Credit Suisse-ს სასამართლო დავები.

ბიძინა ივანიშვილს წამყვან შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს. ამჟამად დავა სინგაპურში მიმდინარეობს. ივანიშვილის მხარე ამტკიცებს, რომ Credit Suisse-ის მიერ სინგაპურში დაფუძნებულ ტრასტში $550-მილიონიანი დეპოზიტი განათავსა. თუმცა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის თაღლითობის გამო, ზარალი მიადგა.

ივანიშვილი ლესკადრონის მოქმედებების გამო პასუხისმგებლობას Credit Suisse-ს ამტკიცებს და სინგაპურის სატრასტო ჯგუფს 1,27 მილიარდი დოლარის ზარალში ადანაშაულებს. ბანკის წარმომადგენლობამ კი ივანიშვილის დანაკარგი 818,2 მილიონ დოლარად შეაფასა

პატრიკ ლესკადრონის მონაწილეობით, ივანიშვილმა Credit Suisse-ს უკვე მოუგო ერთი სასამართლო ბერმუდაში, რომელიც 6 წელი გრძელდებოდა. ბერმუდის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბანკმა არ უზრუნველყო ივანიშვილის ქონების სათანადო დაცვა და Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას CS Life-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 607, 35 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

Credit Suisse კი ამტკიცებს, რომ ლესკადრონი ბანკისგან მალულად მოქმედებდა და მათ შეზღუდული კონტროლის მექანიზმები ჰქონდათ.