ცრუ დილემაა, როგორც ზღაპრებში, რომ სააკაშვილის გათავისუფლება უდრის ქვეყნის ევროპულ მომავალს - პაპუაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არასწორია, თითქოს სააკაშვილის საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალს უკავშირდება.

მისი თქმით, ევროპარლამენტარები ხშირად საჯაროდ ცდილობენ, დაუკავშირონ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება საქართველოს ევროპულ მომავალს, რაც ცრუ დილემის შექმნაა.

„ეს არის სწორედ ცრუ დილემების შექმნა, თოთქოს არსებობდეს არჩევანი სააკაშვილსა და ევროკავშირს შორის. ასეთი არჩევანი არ არსებობს, ეს არის ცრუ დილემა, რომელიც არის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენი ქართველი ხალხი და სახელმწიფო დააყენონ ცრუ არჩევანის წინაშე, თითქოს არის ორი გზა, როგორც ზღაპრებში – ერთ გზაზე წახვალ დაიღუპები, მეორე გზაზე წახვალ, გადარჩები. ეს არის ცრუ დილემა, რომელიც მხოლოდ ზღაპრებში გვხვდება. ეს არის მთელი ცინიზმი ამ დილემებისა, რომ მისი მიზანი არის არაკეთილსინდისიერი და ეს მიზანი ვიცით – მიხეილ სააკაშილის დახსნა სასჯელისგან“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

15 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 577-მა წევრმა დაუჭირა, 33 კი წინააღმდეგ წავიდა. ის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის გარშემო შექმნილ სიტუაციას ეხება.