როდესაც ადარებენ საქართველოს რუსეთს, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - პაპუაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უცხოური გავლენის აგენტებზე „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე საუბრისას აცხადებს, რომ მას რჩება შთაბეჭდილება, თითქოს, არის მცდელობა, რომ თემას ტაბუ დაედოს და დაცენზურდეს.

პაპუაშვილის შეფასებით, გასაკვირია, როდესაც საუბარია გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, გარკვეული ჯგუფები მოითხოვენ ამ საკითხისთვის ტაბუს დადებას, რაც ანტიდემოკრატიულია.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, იცოდნენ, იმ ხალხის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე და ამ ადამიანებსა და ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე.

„ანტიდემოკრატიულია საკითხებისადმი ტაბუს დადება. გასაგებია, რომ არის სენსიტუური საკითხი, გასაგებია, რომ არსებობს ცუდი პრაქტიკები. ნებისმიერი რეგულაცია შეიძლება ცუდად იყოს გამოყენებული, ეს არ არის რეგულაციის პრობლემა, ეს არის სისტემის პრობლემა. როდესაც ადარებენ საქართველოს რუსეთს, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვსაუბრობთ ავტორიტარულ რეჟიმზე, რაც არის რუსეთში, სადაც დემოკრატიაზე არაა საუბარი და საქართველოსთან შედარება აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის სპიკერის თქმით, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის საკითხი, თუმცა გუნდი ჯერ კანონპროექტს დეტალურად არ იცნობს. დოკუმენტი ბიუროს სხდომაზე ორშაბათს დაინიციირდება.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ ერთი საკითხია, რა ფორმა და სახე ექნება რეგულაციასა და სისტემას, მაგრამ ამის საბაბით ცდილობენ, ტაბუ დაედოს მთავარს, არსს – ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის საკითხს.

„მაგალითისთვის გეტყვით, ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც არის ძალადობრივი ორგანიზაცია, ენმ-ის ახალგაზრდული ფრთა, მათი წარმომადგენლები ძალადობრივი ქმედების გამო იქნენ ცნობილნი სამართალდამრღვევებად და ვიცით, რომ ისინი არიან პოლიტიკურად აფილირებულნი, ვიცით პოლიტიკოსების განცხადებები, რომ ვიღაცებისგან ფინანსდებიან, თუმცა მათი ფინანსები არ არის ცნობილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა, რომლის თქმით, ზოგი NGO ღიად აქვეყნებს თავის ფინანსებს.