ცრუ მედიაგვერდები, Facebook-ჯგუფები და ანგარიშები არჩევნებამდე 6 თვით ადრე გააქტურდა - ISFED

პუბლიკა

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ პოლიტიკური მიზნით მოქმედი კოორდინირებული ცრუ მედიაგვერდების შესახებ  სოციალური ქსელის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

„სავარაუდოდ, საარჩევნო პროცესზე საინფორმაციო ზეგავლენის მიზნით მომზადებული ინფრასტურქტურის გააქტიურება კორონავირუსის პანდემიამ დააჩქარა და შიდა პოლიტიკური აქტორების ინტერესების სასარგებლოდ გააქტიურებული კოორდინირებული ფეისბუქგვერდების, ჯგუფებისა და ანგარიშების მაღალი აქტივობა არჩევნებამდე 6 თვით ადრეც უკვე მკაფიოდ შეინიშნება“ , – წერს ISFED.

ორგანიზაციის განცხადებით, ჯამში აღნიშნული საინფორმაციო ქსელის ფარგლებში გამოვლინდა:

14 ცრუ მედიის გვერდი;

35 ფეისბუკჯგუფი;

15 პერსონალური ანგარიში და 2 ფეისბუკგვერდი;

50 ყალბი ფეისბუკგვერდი.

მათი თქით, ცრუ მედიის 14 ფეისბუქგვერდი  ერთი ტაქტიკით მოქმედებს, რაც მათ კოორდინირებაზე მიუთითებს. გვერდების უმეტესობა შექმნილია ერთსა და იმავე დღეს, 2019 წლის 27 მაისს. ფეისბუქგვერდების პარალელურად მოქმედებს მათი 14 ვებგვერდი და ამდენივე იუთუბარხი, რომლებიც ასევე დროის ერთსა და იმავე მონაკვეთშია შექმნილი. ცრუ მედიების სახელწოდებები, ფეისბუქგვერდების დიზაინი და ვებსაიტების ვიზუალი მიზნად ისახავს მომხმარებელს თავი რეალურ მედიასაშუალებებად მოაჩვენოს.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ იდენტიფიცირებულ 35 ჯგუფში, სადაც ცრუ მედიის მასალები ორგანიზებულად ვრცელდება, ჯამურად თითქმის 5 მილიონი წევრია გაერთიანებული.

„გამოვლენილი 14 კოორდინირებული ცრუ მედიის გვერდიდან 11 ერთსა და იმავე დღეს, 2019 წლის 27 მაისს შეიქმნა. 22 ივნისს მოცემულ გვერდებს კიდევ ერთი, ხოლო 25 ივნისს ორი გვერდი შეემატა. ამ ცრუ მედიების ფეისბუქგვერდების დასახელებების ინგლისურ-ქართული ხელწერა და ლოგოების დიზაინი მსგავსია“, – წერს ISFED.

მათი თქმით, 14-ივე ცრუ მედიის გვერდი თავისივე სახელწოდებით შექმნილი ვებგვერდით სარგებლობს და პოსტების უმრავლესობა ამავე ვებგვერდების ბმულების სახით არის გაზიარებული.

ISFED აღწერს სოციალურ ქსელში გავრცელების სქემას. მათი თქმით, ცრუ მედიასააგენტოს სტატია თავსდება ვებგვერდზე, რომელიც ზიარდება შესაბამის ფეისბუქგვერდზე, ხოლო ამ გვერდიდან პოსტს სხვადასხვა ყალბი ანგარიშები მრავალი ათასი წევრის მქონე ფეისბუქჯგუფებში ავრცელებენ.

მათი თქმით, დასპონსორებული პოსტების უმეტესობა ანტიოპოზიციურია.

კოორდინაცია YouTube-ზე

ორგანიზაცია მონიტორინგის შედეგებში წერს, რომ კოორდინირებულად მოქმედი ცრუ მედიის გვერდები იუთუბის პლატფორმასაც ორგანიზებულად იყენებენ.

მათი თქმით, იუთუბზე 14-ივე ფეისბუქგვერდის  შესაბამისი არხიც მოქმედებს. მოცემული არხები ჯგუფურად, ეტაპობრივად შეიქმნა. მათი შექმნის პირველი ეტაპი 2019 წლის 28 მაისს დაიწყო და 25 ივნისს დასრულდა.

„მოცემულ არხებზე ვიდეოების ატვირთვა 20 ივნისიდან დაიწყო, სწორედ მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე რუსეთის დუმის დეპუტატ გავრილოვის თბილისში ვოიაჟთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, რაც იმავე ღამეს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა“.

ცრუ მედიების კოორდინაცია ფეისბუქჯგუფებში 

ორგანიზაციის განცხადებით, კონტენტის გასავრცელებლად ისინი, რამდენიმე რეალურ ანგარიშთან ერთად, იყენებენ ყალბ პერსონალურ პროფილებს ან სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ ფეისბუქგვერდებს, რომლებსაც ცრუ მედიის ბმულების ჯგუფებში გაზიარების გარდა, არავითარი დანიშნულება/აქტივობა არ აქვთ.  

ცრუ მედიის გვერდების მიერ კონტენტის გასავრცელებლად ამ ეტაპზე გამოიყენება ქართულენოვან აუდიტორიაზე გათვლილი ღია და დახურული 35 ჯგუფი, რომლებიც ჯამში 4,950,688 ფეისბუქმომხმარებელს აერთიანებს. ჯგუფები თემატურად განსხვავებულია და ძირითადად გასართობი, რელიგიური, ეროვნული შინაარსის დასახელებები აქვთ.

ვინ დგას ცრუ მედიაგვერდების უკან და ვინ ავრცელებს მათ?

„მიმდინარე წლის 10 მარტს ფეისბუქის პირად ანგარიშზე გასაჯაროებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 27 მაისს შექმნილი 11 გვერდიდან ერთ-ერთს – „Mtavari Ambebi • მთავარი ამბები“, სხვა პირებთან ერთად, გამოცემა „ეS პერსონას“ ყოფილი ჟურნალისტი – ნათია ბერიძე მართავს“, – წერს ISFED

ორგანიზაციის განცხადებით, რომ ნათია ბერიძე იყო პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე 20 ივნისის ღამეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის„ ლიდერის, ნიკა მელიას ბრალდების საქმეში.

მათი თქმით, „მთავარი ამბების“ რედაქტორმა, ნათია ბერიძემ, 2020 წლის 30 მარტს ტელეკომპანია „მთავარის“ მადისკრედიტირებელი ფეისბუქგვერდი შექმნა – სახელწოდებით „კურიცაTV“. 

მათი ინფორმაციით, ცრუ მედიის გვერდების ფეისბუქჯგუფებში გავრცელების ტაქტიკის შესწავლისას „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი აქტიური პერსონალური ანგარიში, რომელიც მოქმედებდა სახელით „Nika Sidamonidze” მითვისებული იყო.

როგორც ჩანს, რეალური ანგარიშის მფლობელი აშშ-ის შტატ ტეხასისიდან იყო და ამ ანგარიშის აქტივობა მისი გარდაცვალების შემდეგ, 2012 წელს შეწყდა. ანგარიში პროფილის მითვისების შემდეგ 2020 წლის 14 მარტიდან გააქტიურდა.

 

წაიკითხეთ სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიში სრულად აქ.