„განახლებული კანონმდებლობით ვერ მოგვარდა მანამდე არსებული პრობლემები, რომელიც შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებას უკავშირდებოდა“, – „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) შეწყალების წესისა და ბოლოდროინდელი პრაქტიკის ირგვლივ დისკუსია გამართა.
ორგანიზაციის შეფასებით, გატარებული ცვლილებებით არ მოგვარებულა ისეთი კრიტიკული მნიშვნელობის საკითხები, როგორიცაა შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებისას მეტი საჯაროობა და გამჭვირვალობა, შეწყალების აქტების დასაბუთება, პროცესის წარმართვის სხვადასხვა ეტაპზე ცხადი კრიტერიუმების არსებობა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება. შეწყალების კომისია კი, დემოკრატიულ და ინკლუზიურ პრინციპებზე მოწყობის ნაცვლად, საერთოდ გაუქმდა.
„ასევე, აღსანიშნავია სახელმწიფოს მეთაურისა და ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა, რომლებიც შეწყალების უფლებამოსილების „საგამონაკლისოდ“ გამოყენებაზე მიუთითებდნენ, რითაც ეჭქვეშ აყენებდნენ ამ ბერკეტის განსაკუთრებულ სოციალურ-პოლიტიკურ და კონსტიტუციურ დატვირთვას. შეწყალების, როგორც საგამონაკლისო ბერკეტის იდეა, შეწყალების წესის შესახებ პრეზიდენტის ახალ ბრძანებულებაშიც დაფიქსირდა“, – აცხადებს EMC.
2019 წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ შესაბამისი ბრძანებულება მიიღო.
ახალი წესის მიხედვით, მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეს პრეზიდენტისთვის წარსადგენად დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახური მოამზადებს.
ამათან, შეწყალების საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტაციის ერთიანი აღრიცხვისა და შესაბამის მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით, იქმნება საქმისწარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა.
ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ პირის შეწყალების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს პრეზიდენტი, საჭიროების შემთხვევაში, გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და დარგის სპეციალისტებთან.
ბრძანებულებაში ასევე არსებობს ჩანაწერი, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია, შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე.