ვინ უხელმძღვანელებს შეწყალების სამსახურსს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

ნათია ამირანაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა. მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეს პრეზიდენტისთვის წარსადგენად დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახური მოამზადებს.

„პუბლიკის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, აღნიშნულ სამსახურს დავით კაშია უხელმძღვანელებს, რომელიც ამ სამსახურის უფროსად 2019 წლის პირველი ნოემბრიდან კონკურსის საფუძველზე დაინიშნა.

ადმინისტრაციის ცნობით, კაშია 2013 წლის 23 დეკემბრიდან მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სამსახურში დასაქმებულია ხუთი საჯარო მოხელე, მათ შორის – სამსახურის ხელმძღვანელი დავით კაშია.

შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ პირის შეწყალების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს პრეზიდენტი, საჭიროების შემთხვევაში, გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა ან/და დარგის სპეციალისტებთან.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დროს, ამგვარ საქმეებზე შეწყალების კომისია მუშაობდა,  რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველი და სხვა წევრები.