თანხა სარეზერვო ფონდიდან არარსებულ შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს - ადმინისტრაციის განმარტება

ნათია ამირანაშვილი

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან „პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეუფერხებელ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული და შეწყალების კომისიის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურების ხარჯების დაფინანსებისთვის“ 1 287 600 ლარი გამოიყო (აქტით გამოყოფილი თანხა), – ამის შესახებ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვის ანგარიშიდან ირკვევა, რომელსაც მიმდინარე კვირაში პარლამენტში განიხილავენ.

„პუბლიკა“ დაინტერესდა, რაში დაიხარჯა განკარგულებით გათვალისწინებული თანხა, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ ადმინისტრაციაში შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა აღარ დაკომპლექტებულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ N775 განკარგულება, რომელიც 2019 წლის 5 აპრილით თარიღდება, არ იძებნება არც მთავრობის ადმინისტრაციის და არც საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდებზე. მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე აპრილში გამოცემული განკარგულებები ატვირთულია ქრონოლოგიურად, თუმცა გამოტოვებულია სწორედ 775-ე განკარგულება. ის არც საძიებო სისტემის მეშვეობით იძებნება ვებგვერდზე.

„პუბლიკას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ ამ განკარულებით გათვალისწინებული 41 600 ლარი შეწყალების კომისიის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურების ხარჯისთვის გამოეყო ადმინისტრაციას. მათი თქმით, აღნიშნული თანხის ფარგლებში დღემდე ხარჯი გაწეული არაა. ზემოთ ხსენებული თანხა სხვა დანიშნულებითაც არ ყოფილა გამოყენებული.

რაც შეეხება სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ სხვა თანხას (მოცემულია აქტით გამოყოფილი თანხა), ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვის ანგარიშიდან ირკვევა, რომ:

  • 2 800 000 ლარი – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე რიცხული ობიექტის (ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25) აუცილებელი კეთილმოწყობისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით;
  • 3 250 000 ლარი – სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციის, საქართველოს, როგორც ქვეყნის წარმოჩენისა და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, 2019 წელს, ქ. ტოკიოში გასამართი ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ პროექტის ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯის დასაფინანსებლად;
  • 250 000 ლარი – კულტურის სამინისტროს ტოკიოში ამაზე ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯის დასაფინანსებლად;
  • 6 653 806 ლარი გამოიყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და HILL AND KNOWLTON STRATEGIES, LLC -ს შორის გასაფორმებელი საკონსულტაციო და მედიამომსახურების შესყიდვის მიზნით;
  • 239 265 ლარი – საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეყო საინფორმაციო პორტალის – EURACTIV.COM-ის მომსახურების შესყიდვის მიზნით;
  • 553 000 ლარი – კულტურის სამინისტროს  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის – 12 მაისის აღნიშვნის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების მიზნით;
  • ასევე, 141 600 ლარი საქართველოს საპატრიარქოს საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების მიზნით;
  • 706 435 ლარი – საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფერენციის  – „საქართველოს ევროპული გზა“ მაღალ დონეზე ორგანიზებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით;
  • 3 611 610 ლარი და 293 210 ლარი სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის მიზნობრიობა საიდუმლოა.

ჯამში, 9 თვეში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აქტით გამოყოფილმა თანხამ 47 528 624 ლარი შეადგინა;