„და რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს სიღარიბის დაძლევას“ - თურნავა ახალ პროგრამებზე

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების  შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ სოციალური დაცვის სისტემის ახალ მოდელთან დაკავშირებით ისაუბრა.

ახალი მიდგომა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმებას გულისხმობს. მინისტრის თქმით, პროგრამის დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მისივე თქმით, ეს მიდგომა გულისხმობს „ღირსეული შრომას მხოლოდ სოციალური დახმარების ნაცვლად“.

„როგორც იცით, პროგრამა გულისხმობს, სოციალურად დაუცველების აქტიურ შრომაში ჩართვისა და საჯარო დასაქმების პროგრამების შეთავაზებას; რესოციალიზაცია იმ ადამიანების, რომლებიც წლების განმავლობაში მინდობილია სოციალურ დახმარებას, არადა, შესწევს უნარი, რომ ღირსეულად იმუშაოს და თავისი შრომით ჰქონდეს შემოსავალი. ამავდროულად ეკონომიკა ვითარდება სწრაფად, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული და საჯარო პროექტი უნდა განხორციელდეს, რაც ნიშნავს, რომ იზრდება მოთხოვნა ამ სექტორში დასაქმებულებზე.

აი, აქ ჩვენ ორი რამ უნდა დავაკომბინიროთ – ერთი მხრივ, მეტი და მეტი პროგრამა გვაქვს, რომ ადამიანები დასაქმდნენ და რაც განსაკუთრებულ უნარებს არ საჭიროებს. მეორე მხრივ, გვაქვს 200 ათასი ადამიანის არმია, ამ ციფრს ჯანდაცვის სამინისტრო ამოწმებს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონეა, მაგრამ ამავდროულად შეუძლია და სურვილიც აქვს, რომ ჩაერთოს შრომით საქმიანობაში.

აი ეს ახალი პროგრამა, რომლის ყველა დეტალი ცოტა ხანში გახდება ცნობილი და ბატონი ლევან დავითაშვილი უდგას სათავეში. ამ ორი მოცემულობის გაერთიანება მოგვცემს და რა თქმა უნდა, გამოიწვევს სიღარიბის დაძლევას და შრომისუნარიან მოსახლეობის დასაქმებას და დასაქმების პარამეტრების გაუმჯობესებას“, – განაცხადა თურნავამ.