დაახლოებით 3 000 დოზამდეა რეზერვში, კიდევ გაიხსნება დამატებითი დრო - გაბუნია „ფაიზერით“ ვაქცინაციაზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერით“ვაქცინაციისთვის პორტალზე ადგილები თბილისში პრაქტიკულად შეივსო, ადგილები დარჩენილია ქუთაისსა და ბათუმში. მისი განმარტებით, 6 კლინიკაში, სადაც „ფაიზერით“ ვაქცინაცია  ტარდება, შესაძლოა  სამუშაო საათები გახანგრძლივდეს და მალევე მოხდეს იმ  დოზების ასახვა, რომლებიც მარაგში იქნება.

„ვაქცინების პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით  მაღალი აქტივობა იყო, 15 22-ზე დიდი რაოდენობით ზარი შემოვიდა.  მოლოდინის პერიოდი  სხვა დროსთან შედარებით ხანგრძლივი იყო და სწორედ ამან გამოიწვია  გარკვეული შეფერხებები. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ტექნიკურ ჯგუფთან, ისე სილქნეტთან, რათა  მოქალაქეებმა  პასუხი სწრაფად მიიღონ.

„ფაიზერის“  რეგისტრაციის ჯავშნები  პრაქტიკულად შეივსო თბილისში. ადგილები არის  ქუთაისსა და ბათუმში. ველოდებით შევსებას, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რამდენი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა დარჩება. მას შემდეგ, რაც ყველაფერი შეივსება, დაახლოებით 3 000 დოზამდე უნდა იყოს დარჩენილი რეზერვში, კიდევ გაიხსნება დამატებითი დრო, რომ სრულად მოხდეს მისი დაჯავშნა. ადგილები, რომლებიც ახლა არის  გამოყოფილი 14 აპრილამდე პერიოდშია.  6 კლინიკაში, სადაც „ფაიზერით“ ვაქცინაცია ტარდება, შესაძლოა  სამუშაო საათები გახანგრძლივდეს და მალევე მოხდეს იმ  დოზების ასახვა, რომლებიც მარაგში იქნება. ეს მას შემდეგ გვეცოდინება, რაც ქუთაისისა და ბათუმის რეზერვები ამოიწურება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღევანდელი მონაცემებით, „ფაიზერით“ აცრის რიგში 9000 ადამიანია. ვაქცინაციის ჩასატარებლად მოლოდინის რეჟიმში ჯამში 11 273 ადამიანი იმყოფება, დაახლოებით 2000 ადამიანი კი აცრას „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გეგმავს.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა შემოიტანეს, რომლითაც დაახლოებით 14 000 ადამიანი აიცრება.

25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის ხელმისაწვდომი.