დაახლოებით, ყოველი მესამე მიიჩნევს, რომ მშობლების ქონება ვაჟს უნდა გადაეცეს - კვლევა

პუბლიკა

საქართველოში არსებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევა – „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) წარმოადგინეს.

კვლევა, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 2019 წელს ჩატარდა, აჩვენებს ქართულ საზოგადოებაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას და 7 წლის განმავლობაში ამ სფეროში მიღწეულ ცვლილებებს. კვლევის მიგნებები  2013 წელს განხორციელებული მსგავსი გამოკითხვის შედეგებთანაა შედარებული.

კვლევის მიხედვით, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული შეხედულებები ხშირად ავლენს ღრმად ფესვგადგმულ გენდერულ იდეებსა და უპირატესობებს.

საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მესამე რესპონდენტი მიიჩნევს, რომ მშობლების ქონება სრულად ან მისი უდიდესი ნაწილი ვაჟს უნდა გადაეცეს.

რესპონდენტების 62% ფიქრობს, რომ მშობლების ქონება (საცხოვრისი) თანაბრად უნდა განაწილდეს ვაჟებსა და ქალ შვილებს შორის, 20% ამბობს, რომ მემკვიდრეობა მთლიანად ვაჟს უნდა დარჩეს, ხოლო 15%-ის აზრით, ვაჟმა მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი უნდა მიიღოს.

მემკვიდრეობის დიდი წილის ან სრულად მიღების უპირატესობა ვაჟებს თითქმის თანაბრად მიანიჭეს ქალებმა და კაცებმა, ­ კაცების 38%-მა და ქალების 34%-მა. ასევე, უმრავლესობა ­ 67% ეთანხმება, რომ მიწა მემკვიდრეებს შორის თანაბრად უნდა განაწილდეს, გენდერის მიხედვით განსხვავების გარეშე.

„ეს დასკვნები მემკვიდრეობის თანაბრად განაწილების შესახებ შეხედულებების ფართოდ გავრცელების ტენდენციას ასახავს. 2013 წელს, რესპონდენტების მხოლოდ 44 პროცენტი მიიჩნევდა, რომ მშობლების ქონება თანაბრად უნდა განაწილებულიყო, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელი 62 პროცენტამდე გაიზარდა. ასევე, 2013 წელს რესპონდენტების დაახლოებით ნახევარმა მიიჩნია, რომ მიწა თანაბრად უნდა განაწილებულიყო ვაჟებსა და ქალიშვილებს შორის, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი ორ მესამედზე მეტი გახდა“, – ნათქვამია კვლევაში.


კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისობრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევა ფარავს მთელ საქართველოს (საქართველოს ხლისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს), ხოლო თვისობრივი კვლევა ჩატარდა 5 რეგიონში. რაოდენობრივი კვლევის რეპრეზენტატული შერჩევა განხორციელდა 18 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან. რესპონდენტები გამოკითხეს პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით.

თვისობრივი კვლევა ჩატარდა ფოკუსჯგუფებში დისკუსიების (FGDs) მეთოდით.

კვლევის შერჩევის მოცულობა: 2408 რესპონდენტი. შერჩევა მოიცავს დაახლოებით 1102 კაცს (46%) და 1296 ქალს (54%).